Belive

მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი მეტოქეები გაირკვა!

5 წლის წინ ქართული სპორტი
5 წთ
პარასკევს ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს, დღეს გაიმართა კენჭისყრა სადაც ჩვენი ძიუდოისტების მეტოქეები გაირკვნენ: -60 კგ - ამ წონაში ჩვენი ქვეყნის ღირსებას ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი დაიცავენ. ლუხუმი პირველ წრეში დაისვენებს, ხოლო მეორეში მისი მეტოქე მაროკოელ ბასოუსა და ბულგარელ ვალენტინ ალიპიევს შორის გამარჯვებული იქნება, ამის შემდეგ კი მისი გზა იაპონელ რიუჯუ ნაგაიამასთან იკვეთება, ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში კი ლუხუმი დიდი ალბათობით, იაპონელთა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ და ოლიმპიურ ბრინჯაოს მედალოსანს ნაოჰისა ტაკატოს დაუპირისპირდება. ბადის მეორე მხარესაა ამირან პაპინაშვილი, იგი თავის ჯგუფში პირველ ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში ისვენებს, შემდეგ კი არცთუ ისე რთული მეტოქე ჰყავს, მალაველი ემანუელ ნდავუს სახით, ბადეში გამორჩეული მეტოქე კი რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძეა, ასე რომ, თუ ამირანმა შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა, შესაძლებელია იგი ფინალში ვიხილოთ. -66 კგ - ამ წონაში ჩვენი ნაკრებიდან ვაჟა მარგველაშვილი იასპარეზებს, იგი D ჯგუფში პირველ ნომრადაა განთესილი, ამავე ჯგუფშია რუსი მიხაილ პულიაევიც რომელიც მსოფლიო ჩემპიონატებზე  სამგზის ვერცხლისმედალოსანია, ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში ვაჟას მეტოქე დიდი ალბათობით უძლიერესი იაპონელი, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ჰიფუმი აბე იქნება. პირველ შეხვედრაში კი ვაჟა ბენინელ აუგუსტ დაგას დაუპირისპირდება. ამ წონაში გამორჩეული მეტოქეები ასევე ისრაელის წარმომადგენლები: ბარუხ შმაილოვი და ტალ ფლიკერი არიან. -73 კგ - ამ წონაში ლაშა შავდათუაშვილი გამოვა, და ზოგადად 73 კილოგრამში საკმაოდ ძლიერი შემადგენლობაა თავმოყრილი, მსოფლიო ჩემპიონი სოიჩი ჰაშიმოტო, ევროპის სამგზის ჩემპიონი და 2012 წლის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი უნგრელი მიკლოშ უნგვარი, მონღოლთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ოდბაიარ განბატი და აზერბაიჯანელთა ევროპის ჩემპიონები ჰიდაიატ ჰეიდაროვი და რუსტამ ორუჯოვი საკმაოდ სერიოზულ კონკურენცია ჰქმნიან. ლაშას პირველი მეტოქე ყატარელი რებაჰ ჰალილი იქნება. -81 კგ - ზებედა რეხვიაშვილი ამ წონის ფავორიტებს შორის ნამდვილად არ მოიაზრება, გერმანელი მსოფლიო ჩემპიონი ალექსანდრ ვიეზერზაკი, ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებული მონღოლი უგანბაატარ ოტგონბაატარი, რუსთა ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ხასან ხალმურზაევი, ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტი და რეიტინგის ყოფილი პირველადგილოსანი ბულგარელი ივაილო ივანოვი საკმაოდ რთული მეტოქეები იქნებიან. ზებედა პირველ შეხვედრას პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძესთან გამართავს. -90 კგ - უმსუბუქესი წონის მსგავსად ამ წონაშიც ორი მონაწილე გვეყოლება, შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსან უშანგი მარგიანისა და ბექა ღვინიაშვილის სახით. ბექა C ჯგუფში პირველ ნომრადაა განთესილი, თუმცა შესაძლებელია ფინალამდე ისეთ ძლიერ მოწინააღმდეგეებს შეხვდეს როგორებიც ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი სერბი ნემანია მაიდოვი არიან. რაც შეეხება უშანგი მარგიანს, მის მხარეს ბადეში გამორჩეული მეტოქეები კორეელთა მსოფლიოს ჩემპიონი გვაკ დონგ ჰანი, იაპონელი კენტა ნაგასავა, სერბი ალექსანდრ კუკოლი და რუსი ხუსენ ხალმურზაევი არიან. ბექა პირველ შეხვედრაში გერმანელ ედუარდ ტრიპელს, ხოლო მარგიანი ესპანელ ადრიან ნაშიმენტოსა და ჩინელს ბუ ჰებილიგეს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. -100 კგ - ამ წონაში აშკარა ფავორიტი რეიტინგსიის პირველი ნომერი და ჩვენი თანამემამულე ვარლამ ლიპარტელიანია, ვიმედოვნებთ რომ ის შეძლებს ნავსის გატეხვას და მსოფლიო ჩემპიონატის კვარცხლბეკზე უმაღლეს პოზიციაზე დადგომას. მისი პირველი მეტოქე სავარაუდოდ ფრანგი ალექსანდრ იდირი იქნება, თუმცა ვარლამთან შესახვედრად ფრანგს კოტ-დივუარელი კოფი კრემე კობენას დამარცხება მოუწევს. ამ წონის სხვა ძიუდოისტებიდან გამოსარჩევია ჰოლანდიელი მიხაელ კორელი, ფრანგი სირილ მარე, იაპონელი აარონ ვულფი და რუსი კირილ დენისოვი, თუმცა ეს ორი უკანასკნელი დიდი ალბათობით საწყის ეტაპზევე შეხვდება ერთმანეთს რაც "ლიპოს" საქმეს გაუადვილებს. მძიმე წონა - ტედი რინერის არყოფნაში ამ წონის უდავო ფავორიტი რეიტინგსიის პირველი ნომერი და ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილია, თუმცა "თუშას" სერიოზული მეტოქეები ეყოლება ჰოლანდიელი ჰენკ გროლის, იაპონელი ჰისაიოში ჰარასავას, ჩეხი ლუკაშ კრპალეკისა და ბრაზილიელების დავიდ მოურასა და რაფაელ სილვას სახით. გურამის პირველი მეტოქე რუმინელ დანიელ ნატეასა და ლატვიელ რაივის ცატკინს შორის გამარჯვებული იქნება.

სხვა სტატიები