Belive

"მოისწრაფიშვილს ვესაუბრე და ჩამოსვლა მომინდა" | ლუკა ხორხელი სპარტაკ ტრნავაში ითამაშებს

2 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

25 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი, ლუკა ხორხელი კარიერას ტიტულოვან სლოვაკურ გუნდ სპარტაკ ტრნავაში გააგრძელებს.

ქართველი ფეხბურთელი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ახალი გუნდის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრობს.

"გიორგი მოისწრაფიშვილს გუნდისა და ქალაქის შესახებ ვესაუბრე. გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია. გიორგისთან საუბრის შემდეგ ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა მომინდა. ამიტომ აქ ვარ და თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ.

მე შემტევ ნახევარმცველად ვთამაშობ, ასევე ფორვარდად თამაშიც შემიძლია. ამ სისტემაში, რომელსაც გუნდი თამაშობს, ჩემს ადგილს ფლანგზე უფრო მეტად წარმოვიდგენ.

ჩემი ძლიერი მხარეები დრიბლინგი და ტექნიკაა, ამავე დროს, ვფიქრობ, დაცვის დახმარებაც შემიძლია. საკმაოდ მრავალმხრივი ფეხბურთელი ვარ.

მე უბრალოდ ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, რომელიც საკუთარ ოცნებას იხდენს: უყვარს თავისი საქმე და ყველაფერს აკეთებს საამისოდ.

მინდა გოლები გავიტანო, საგოლე პასები გავაკეთო და გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო. მინდა, რომ აქ ტიტული მოვიგო და სწორედ ამაზე ვფოკუსირდები", - ამბობს ლუკა ხორხელი.

ლუკა ხორხელს საქართველოში, დინამო თბილისის აკადემიაში, იბერიაში, გორში, სპაერში, ბოლნისის სიონში და წყალტუბოს სამგურალში თამაშობდა და 2025 წლის ეროვნული ლიგის სეზონში 7 გატანილი გოლით და 5 საგოლე პასით ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია.

სპარტაკ ტრნავაში გიორგი მოისწრაფიშვილიც თამაშობს, რომელიც გუნდში გასულ ზაფხულში გადაბარგდა და 10 მატჩში 1 გოლის გატანა და 5 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

ტრნავა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავასთან 57 კმ-თი დაშორებული ქალაქია და სპარტაკისა და სლოვანის მატჩები მთავარი, ტრადიციული სლოვაკური დერბის სახელს ატარებს.

ჩეხოსლოვაკიის გაერთიანებული ჩემპიონატი სპარტაკ ტრნავას ხუთჯერ აქვს მოგებული, ასევე ამ ქვეყნის თასი, დამოუკიდებლობის შემდეგ კი ოქროს მედლებს 2018 წელს, ვახტანგ ჭანტურშვილთან ერთად დაეუფლა. 9-ჯერ, მათ შორის უახლოეს გათამაშებაში გამარჯვებით, ბრატისლავის სლოვანის შემდეგ ტრნავა სლოვაკეთის თასის მეორე ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. მათ ყულაბაში სლოვაკეთის 1998 წლის სუპერ თასი და უეფას ჩემპიონთა ლიგის (იმ დროს თასის) 1969 წლის ნახევარფინალში თამაშის გამოცდილებაა. მთავარ ევროპულ ტურნირზე მათ 1973 და 1974 წლებში მეოთხედფინალში თამაშიც მოახერხეს.

სპარტაკ ტრნავა გასულ სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავიდა, ქვეყნის თასი მოიგო და უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა, სადაც ანზორ მექვაბიშვილის უნინვერსიტატეა კრაიოვამ აჯობა.

სპარტაკ ტრნავაში ვახტანგ ჭანტურიშვილმა სლოვაკეთის ჩემპიონატი, ხოლო დავით სხირტლაძემ ამ ქვეყნის თასი მოიგო, მათ შემდეგ, გიორგი მოისწრაფიშვილი და ლუკა ხორხელი გუნდის ისტორიაში მესამე და მეოთხე ლეგიონერები არიან.

სხვა სტატიები