Belive

"მადლობა ყველას, ახალი ეტაპის დრო დგება" - ნიკა კვეკვესკირმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყების წინ, ტრადიციული სანაკრებო პრესკონფერენციის დროს, ჟურნალისტების წინაშე ნიკა კვეკვესკირი წარსდგა და საზოგადოებას საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ ამცნო.

"საფეხბურთო კარიერის დასრულებაზე ჩემი გადაწყვეტილების შესახებ უნდა გითხრათ. ვღელავ, რადგან კარიერაში ახალი ეტაპი იწყება.

მადლობას ვუხდი ყველას, ვისთან ერთადაც მითამაშია და მიმუშავია და მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, რომ მომცეს შანსი სამწვრთნელო განათლება მიმეღო. 

საქართველოს ნაკრებში 60-ზე მეტი თამაში ჩავატარე, რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ცხოვრებაში ახალი ეტაპის დრო დგება.

ვფიქრობ, ფეხბურთის თამაში ჯერ ისევ შემეძლო, მაგრამ დროა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღო", - ამბობს ნიკა კვეკვესკირი.

ნიკა კვეკვესკირის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2015 წელს შედგა და მას შემდეგ 62 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, მისი კარიერის მთავარი მომენტი 2024 წლის 26 მარტს, თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე შედგა, სადაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში, საბერძნეთის ნაკრების კარში გადამწყვეტი, ისტორიული პენალტის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები