ლუკა მაისურაძე: "ლაშა განსაკუთრებული სპორტსმენი და ადამიანია..."
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე საშეჯიბრო დღე ქართული ტრიუმფით დასრულდა.
25 წლის ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა, რომელმაც ფინალში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი – ლაშა ბექაური დაამარცხა.
მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ, ლუკა მაისურაძემ პირველო კომენტარი გააკეთა:
"სულ მინდოდა ეს ხმა გამეგო - ლუკა მაისურაძე, მსოფლიო ჩემპიონი და ეს დღეც დადგა. ძალიან ბედნიერი ვარ, ემოციებს ვერ გადმოვცემ. იმდენად ბედნიერი ვარ, რომ გიორგი ჭანიშვილის ხმაც კი არ გამიგია, როდესაც ჩემი მსოფლიო ჩემპიონობა გამოაცხადა.
2 წელია ჩემი ოჯახის წევრები დიდ შეჯიბრებზე მომყვებიან და სულ ერთად ვართ ხოლმე, ასმაგად ბედნიერი ვარ, რომ მათ ჩემი მსოფლიო ჩემპიონობა ლაივში იხილეს. მადლობა მათ და ქართველ ხალხს გულშემატკივრობისთვის.
ლაშა განსაკუთრებული სპორტსმენი და ადამიანია, ეს მის შედეგებზეც აისახება, შესაბამისად მასთან გამარჯვება ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ის ჩემი მეგობარია, მასთან ბრძოლა ძალიან გამიჭირდა, განსაკუთრებით ემოციურად..." - ლუკა მაისურაძე.
განვლილი 5 საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2 ოქროს მედალი (ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე); 1 ვერცხლის მედალი (ლაშა ბექაური) და 1 ბრინჯაოს მედალია (გიორგი სარდალაშვილი).