ლევანტეს მწვრთნელი: "ქოჩორაშვილმა, ტრავმების მიუხედავად, კარგად ითამაშა"
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრებისა და "ლევანტეს" ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი, ტრავმის გამო პაუზის შემდეგ, მოედანს ლა ლიგა 2-ის 25-ე ტურის შეხვედრაში, "რასინგ ფეროლთან" დაუბრუნდა და მოედანზე 20 წუთამდე დრო გაატარა.
როცა 25 წლის ქართველი ფეხბურთელი მოედანზე გამოვიდა, გუნდი (0:1) აგებდა, შეხვედრაში კი ანგარიში აღარ შეცვლილა და ვალენსიელებმა შეხვედრა ერთ-ერთ აუტსაიდერთან დათმეს.
მატჩის შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ხულიან კალერო ქართველი ფეხბურთელის შესახებ საუბრობს.
"ქოჩორაშვილთან შეთანხმებული ვიყავით, რომ თუ მისი მოედანზე გამოსვლა საჭირო გახდებოდა, ის მხოლოდ 20 წუთს ითამაშებდა, რადგან მეტისთვის ტრავმის გამო მზად არ გახლავთ.
გიორგი ქოჩორაშვილი ფიზიკურად თავს კარგად გრძნობს, მაგრამ მუხლსა და კოჭზე პრობლემები აქვს. ამის მიუხედავად მან იმ დროში რაც მოედანზე გაატარა, ძალიან კარგად ითამაშა", - ამბობს "ლევანტეს" მთავარი მწვრთნელი.
გიორგი ქოჩორაშვილს "ლევანტეს" შემადგენლობაში ამ სეზონში ლა ლიგა 2-ში 20 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული, საქართველოს ნაკრებში კი ერთა ლიგაზე 5 შეხვედრაში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.