Belive

ლევან ოსიყმაშვილი: "სეზონის წარმატებულად შემობრუნებისთვის, თასის მოგების შესაძლებლობა გვეძლევა"

1 თვის წინ ქართული სპორტი
3 წთ

"დინამო თბილისმა" 2024 წლის სეზონი საქართველოს ეროვნულ ლიგაში წარმატებულად ვერ ჩაატარა და ის იშვიათი გათამაშება გამოუვიდა, რომელშიც სამეულს მიღმა დარჩა. სამაგიეროდ, გუნდს სეზონის წარმატებით შემობრუნების შანსი აქვს. საამისოდ, მათ წინ ქვეყნის თასის ფინალი აქვთ, რომელშიც "სპაერს" უნდა შეხვდნენ. ფინალამდე მისასვლელ გზაზე გუნდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ლევან ოსიყმაშვილი გახლავთ, რომელიც ჩვენთან ინტერვიუში გუნდის შედეგებსა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ისტორიულ წარმატებაზე საუბრობს.

გილოცავ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში გასვლას. ფოთის "კოლხეთი 1913-თან საკმაოდ რთული მატჩი გამოვიდა, მაგრამ გუნდმა წარმატების მიღწევა მოახერხა. როგორ შეაფასებ მატჩს და მთლიანად, ტურნირის ფინალამდე განვლილ გზას?

მადლობა მოლოცვისთვის. მთლიანი ტურნირი მართლაც რომ რთული გამოვიდა, არაერთ ძლიერ მეტოქეს შევხვდით, მაგრამ მოვახერხეთ და ფინალამდე მივედით.

ფოთის "კოლხეთი 1913-თანაც" არ გამოვიდა მარტივი მატჩი, მაგრამ ჩვენმა დიდმა სურვილმა და მონდომებამ გამარჯვება მოგვიტანა.

მიზნის მიღწევას ერთი ნაბიჯი გაშორებთ და ეს "სპაერთან" გამარჯვებაა. რას იტყვი მეტოქეზე?

რაც შეეხება "სპაერს", ძლიერი გუნდია, რადგან იბრძოლეს და ახლა ფინალში არიან. ამიტომ კიდევ ერთ ძლიერ კონკურენტთან გვიწევს შეხვედრა. ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ და ყველანაირად ვეცდებით, რომ თასი მოვიპოვოთ.

მთლიანად, 2024 წლის სეზონი რამდენად წარმატებული გამოდის შენთვის და გუნდისთვის?

წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით იმის თქმა შემიძლია, რომ ვერ შევედით იმ ფაზაში, რომელშიც მთელ გუნდს გვინდოდა ყოფნა. სეზონის წარმატებით დასრულების შანსი ქვეყნის თასის ფინალის მოგება და ევროპის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლაა და საამისოდ მაქსიმალურად ვემზადებით.

გადამწყვეტი სანაკრებო პერიოდი მოგვიახლოვდა. როგორ აფასებ 21-წლამდელთა ნაკრების მიერ განვლილ გზას 2024 წელს და როგორია მზადება და მოლოდინი ხორვატიასთან შეხვედრებისთვის?

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა წლევანდელ სეზონში შევძელით გასვლა ჯგუფური ეტაპიდან და ისტორიის კიდევ ერთხელ დაწერა. ამ წარმატების მიღწევაში დაგვეხმარა ჩვენი გუნდურობა, თითოეული ფეხბურთელის თუ სტაფის წევრის მიერ ერთმანეთის მიმართ ნდობის გამოცხადება, მონდომება და რა თქმა უნდა, ჩვენი გულშემატკივრების გვერდში დგომა. ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოგებული მატჩის შემდეგ ფსიქოლოგიურად მეტი თვითდაჯერებულობა შეგვემატა, რაც ხორვატიასთან მატჩებში ჩვენთვის სასარგებლო იქნება. ხორვატიის ნაკრები წარმოადგენს ძლიერ გუნდს, თუმცა ჩვენ გავაანალიზებთ მათ ძლიერსა თუ სუსტ მხარეებს და ყველანაირად შევეცდებით, რომ ორივე მატჩი ჩვენთვის და ქართველი ქომაგებისთვის იმ შედეგით დასრულდეს, რომელიც გვსურს.

გუნდის განწყობა იდეალურია, სრული კონცენტრაციითა და პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ მატჩებს და იმედი მაქვს, წარმატებული სვლა გაგრძელდება.

სხვა სტატიები