Belive

ლევან კორღალიძე: "მომენტების გამოყენება მთავარი პრობლემაა, რაც ტალინში ვერ გავიტანეთ, იმედია თბილისში გავიტანთ"

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესტონურ ლევადიასთან უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ, იბერია 1999-ს მთავარი მწვრთნელი, ლევან კორღალიძე პრესკონფერენციას მართავს და მოახლოებული შეხვედრის შესახებ საუბრობს.

"ამდენი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ, არსებობს შანსი, რომ გოლი გაუშვა და ეს მოხდა. ვერ ვიტყვი, რომ ხარისხი გვაკლდა, რადგან ეროვნულ ლიგაშიც ასეთი არაერთი მომენტი გამოგვიყენებია. ძალიან საჭირო მომენტები გავუშვით ხელიდან, მაგრამ იმედი მაქვს, რაც ესტონეთში ვერ გავიტანეთ, იმ გოლებს თბილისში გავიტანთ.

მე ძალიან დიდ ნდობას ვგრძნობ ხელმძღვანელობისგან. ამას ჩვენი განვლილი პერიოდი განაპირობებს, ჩემპიონები გავხდით, ახალ სეზონში დამაჯერებლად ვლიდერობთ და სანახაობრივ ფეხბურთს ვაჩვენებთ. რა თქმა უნდა, ყველა გუნდს აქვს მცირე ჩავარდნა, მაგრამ ეს საქმის ნაწილია და მე გუნდის ხელმძღვანელობისგან მაქსიმალურ მხარდაჭერას ვგრძნობ.

დასვენება და აღდგენა გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია. კარგ ვარჯიშზე უფრო მნიშვნელოვანი კარგი აღდგენაა. ასეთ რეჟიმში, დატვირთვები, ფრენა, რა თქმა უნდა ძნელია, მაგრამ მეტოქე გუნდიც იგივე გრაფიკშია.

უეფას ოფიციალური წერილით და თხოვნით მივმართეთ, რომ გიზი მამაგეიშვილის დისკვალიფიკაცია შეგვემცირებინა, მაგრამ არ დაგვიკმაყოფილეს და ის ლევადიასთან საპასუხო შეხვედრას გამოტოვებს.

მე მჯერა ჩემი გუნდის და იმის, რომ მომენტებს შევქმნით და შევეცდებით, უფრო მეტად გამოვიყენოთ შექმნილი შანსები და გავიმარჯვოთ", - ამბობს ლევან კორღალიძე.

იბერია 1999 ლევადიას 29 ივლისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები