ლევან კორღალიძე: "ჩვენთვის მაგალითი საქართველოს ნაკრებია, ყველაფერი შესაძლებელია"
4 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
"იბერია 1999-ს" მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ, უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის მატჩში თურქულ "ბასაქშეჰირთან" შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა.
"ალბანურ "ტირანასთან" ორი რთული მატჩი გამოვიდა, მაგრამ მთავარია, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შევძელით. ეს პატარა გამარჯვებაა, რომელსაც საქართველოს ვულოცავ, მაგრამ ეს წარმატება უკვე დავიწყებულია და მხოლოდ "ბასაქშეჰირთან" მატჩზე ვფიქრობთ.
თანამედროვე ფეხბურთში ყველაფერი ხდება: გასაგებია, რომ მეტოქე ძლიერი გუნდია, მაგრამ არც ჩვენ გვყავს ნაკლები ფეხბურთელები და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად წარმატებული შედეგის მიღწევა მოვახერხოთ.
მეტოქე კარგად შევისწავლეთ, გავაანალიზეთ მატჩები, როგორც სუსტი, ისე ძლიერი მხარეები და შევეცდებით, რომ ბიჭებთან ყველაფერი მაქსიმალურად სწორად მივიტანოთ.
ვფიქრობ, ჩვენ შეგვწევს იმის ძალა, რომ მთელი სული და გული ჩავდოთ და შევეცადოთ, რომ მატჩი ჩვენთვის სასიკეთოდ დამთავრდეს.
ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ მატჩის დღე 8 აგვისტოა და ეს დამატებითი მოტივაციაა. მინდა, ომში დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო. ვფიქრობ, საფეხბურთო და სპორტულზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია და ვეცდებით, მათი სულების საპატივსაცემოდაც გავიმარჯვოთ.
საქართველოს ნაკრები ჩვენთვის სამაგალითოა. "პარტიზანთან" ორივე მატჩის წინ, ბიჭებს ბუდუ ზივზივაძის მომენტი ვაჩვენე, როცა საბერძნეთთან მატჩში ბურთზე ვარდნა თავით განახორციელა. ეს გამარჯვების მომტანი მომენტი აღმოჩდა", - ამბობს ლევან კორღალიძე.
"იბერია 1999" "ბასაქშეჰირს" 8 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.