Belive

ლაშა გურული: ,,პირველი რაუნდი მოგებული რომ გვეგონა, მსაჯებმა 0:5 წაგება ჩაგვითვალეს''

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ქართველმა მოკრივემ, ლაშა გურულმა, ოლიმპიურ თამაშებზე საკუთარი ასპარეზობა შეაფასა:

,,რა თქმა უნდა, გახარებული ვარ. ამ გზაზე დიდი ხანი მოვდიოდი, მიზანი მქონდა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე მოვხვედრილიყავი, შემდეგ კი მედალი გამენაღდებინა. თუმცა, აქ მხოლოდ მედლისთვის არ ვარ, მჯერა და მწამს, რომ შემიძლია, ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე.

მხოლოდ ჩემპიონობაზე არ ვფიქრობ და მომავალ ბრძოლაზე ვარ კონცენტრირებული. ვიბრძოლებ ფინალში გადასასვლელად, შემდეგ კი ოქროსთვის.

რაც შეეხება ემოციებს, ჯერ ბოლომდე ვერ ვიაზრებ, მაგრამ, ვიცი, რაც არის, რადგან ამაზე ბევრი მაქვს ნაფიქრი. ყველაზე მეტად მიხარია, რომ ჩემი ოჯახი და მთელი ჩვენი ერი გავახარეთ. ვფიქრობ, რომ ისტორია გადავწერეთ, კრივში ახალი ისტორია დაიწერა და გაჩერებას არ ვაპირებთ!

მსაჯებზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ფაქტი სახეზე იყო. პირველი რაუნდი მოგებული რომ გვეგონა, 0:5 წაგება ჩაგვითვალეს. ამ დროს ზუსტად ის ემოციები დამეუფლა, რაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში, როცა ვფიქრობდი, რომ ბრძოლას მოგებით მხოლოდ ნოკაუტის შემთხვევაში დავასრულებდი. ახლაც ეს მომენტი მქონდა, მაგრამ ზუსტად ამ გამოცდილებამ მიმახვედრა, რომ ნოკაუტზე ფიქრი არ ღირდა. ვიცოდი, რომ ღმერთი ჩემთან იყო და ყველაფერი გამოვიდოდა. ჩემი ხასიათი და პროფესიონალიზმი მაქსიმალურად გამოვავლინე. ეს ყველაფერი დაფასდა და ნახევარფინალში გადავედით.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წარმატებაში წვლილი შეიტანა. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი გულშემატკივარს, რომელიც ყოველთვის ჩემ გვერდითაა. მინდა, რომ ძალიან გავახარო მთელი საქართველო და ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე!'' - თქვა ლაშა გურულმა პირველ არხთან ინტერვიუში

ლაშა გურულმა ოლიმპიადის მეოთხედფინალში ყაზახი მეტოქე დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი გაინაღდა.

ნახევარფინალში ქართველი სპორტსმენი კუბელ ერისლანდი ალვარესს დაუპირპირდება. ბრძოლა კვირას, 4 აგვისტოს გაიმართება.

სხვა სტატიები