Belive

კვირას მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – 66 კგ წონითი კატეგორია | პრევიუ

11 თვის წინ ქართული სპორტი
4 წთ

7-14 მაისს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით მიიღებს მონაწილეობას.

ტრადიციულად მსოფლიო პირველობაზე თითო წონითი კატეგორიის ასპარეზობას თითო საშეჯიბრო დღე ეთმობა, 8 მაისს, მეორე საშეჯიბრო დღეს, 66 კგ წონითი კატეგორია იასპარეზებს, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით ვაჟა მარგველაშვილი იასპარეზებს.


ვაჟა მარგველაშვილის ტიტულები და გზა ეროვნული ნაკრებისკენ

ვაჟა მარგველაშვილი 2014 წლიდან ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი შეუცვლელი და წარმატებული ფალავანია.

ვაჟამ 2012 წელს ჩეხეთში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი მოიგო, მას შემდეგ კი ეროვნულ ნაკრებში მიეცა შანსი, რომელიც კარგად გამოიყენა და 2023 წლამდე იგი ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ლიდერია.

ევროპის ჩემპიონატი |

ვაჟა მარგველაშვილი 2016 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, 2021 წელს კი ევროპის ჩემპიონობა მეორედ შეეძლო, თუმცა ფინალში იტალიელ - მანუელ ლომბარდოსთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

29 წლის ქართველმა სპორტსმენმა ბრინჯაოს მედალი 2019 წლის ევროპულ თამაშებზეც მოიპოვა.

მსოფლიო ჩემპიონატი |

გორელ ფალავანს მსოფლიო ჩემპიონატებზე მხოლოდ ერთი, ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული, რომელიც 2017 წელს ბუდაპეშტში მოიგო. მას შემდეგ მას იგი მსოფლიო ჩემპიონატებზე უმედლოდ რჩება, თუმცა იგი კარგ ფორმაში იმყოფება და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იდეალური შესაძლებლობაა იმისათვის, რომ მან კიდევ ერთ უდიდეს წარმატებას მიაღწიოს.

ოლიმპიური თამაშები |

მარგველაშვილს ორ ოლიმპიურ თამაშებზე აქვს მიღებული მონაწილეობა - რიოს ოლიმპიურ თამაშებსა და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე.

მიუხედავად უმარტივესი ბადისა და ფავორიტების გავარდნისა, 2016 წლის რიოს ოლიმპიადა ქართველისთვის წარუმატებელი გამოდგა. სამაგიეროს ძალიან წარმატებული იყო 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადა, სადაც მარგველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა (ფინალში ჰიფუმი აბესთან დამარცხდა).

მასტერსები |

29 წლის გორელ ძიუდოისტს მსოფლიო მასტერსებზე 4 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. პირველი მედალი მან 2017 წელს პეტერბურგში მოიპოვა, 2018 წელს გუანჯოუში, 2019 წელს ცინდაოში და 2021 წელს დოჰაში.

გრანდ სლემები |

მარგველაშვილს გრანდ სლემებზე 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.

ოქრო - აბუ დაბის გრანდ სლემი (2018 წელი); თელ ავივის გრანდ სლემი (2023 წელი).

ვერცხლი - პარიზის გრანდ სლემი (2019); დიუსელდორფის გრანდ სლემი (2020 წელი); თბილისის გრანდ სლემი (2021 წელი).

ბრინჯაო - პარიზის გრანდ სლემი (2017 წელი); აბუ დაბის გრანდ სლემი (2017 წელი); პარიზის გრანდ სლემი (2022 წელი); თბილისის გრანდ სლემი (2022 წელი).


66 კგ წონითი კატეგორიის მთავარი ფავორიტები

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უძლიერესი ძიუდოისტები იასპარეზებენ. გამოსარჩევია იაპონიის ნაკრები, “გოძილები” უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებენ, ეს წონა კი მათთვის ერთ-ერთი საყვარელია.

მიუხედავად იმისა, რომ ვაჟა მარგველაშვილი ძალიან გამოცდილი ძიუდოისტია და თითქმის ყველა მაღალი დონის ძიუდოისტთა ჭიდაობის გამოცდილება აქვს, ექსპერტების აზრით, მისი ჩემპიონობის შანსები ძალიან მცირეა. ამის მიზეზი კი იაპონელების უძლიერესი ძიუდოისტები არიან, ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველი ფალავანის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე, ამ წონითი კატეგორიის პირველი ნომერი, მოლდოველი - დენის ვიერუა.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიხედვით, 66 კგ წონითი კატეგორიის მთავარი ფავორიტები შემდეგი ძიუდოისტები იქნებიან.

  • დენის ვიერუ (მოლდოვა)
  • ჰიფუმი აბე (იაპონია)
  • იოშირო მარუიამა (იაპონია)
  • ბაშკუ იონდონპერენლეი (მონღოლეთი)
  • ბარუჩ შმაილოვი (ისრაელი)
  • ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)
  • ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)

ვაჟა მარგველაშვილს ტატამზე 8 მაისს ვიხილავთ.

სხვა სტატიები