Belive

კიდევ ერთი ვარიანტი: გიორგი ქოჩორაშვილის დამატება ამჯერად ტრაბზონსპორს სურს

4 დღის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის დამატება რამდენიმე ევროპულ გუნდს, მათ შორის "ნაპოლის" და ლისაბონის "სპორტინგს" სურს.

დასავლეთევროპული გუნდების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს თურქეთის სუპერ ლიგის გუნდებიც იჩენენ. ამ ქვეყნის სპორტულ მედიაში აქტიურად საუბრობენ, რომ ქართველი ფეხბურთელის დამატება "ტრაბზონსპორს" სურს. ქოჩორაშვილამდე, ტრაბზონელებს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ცენტრალური ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის დამატება სურდათ, რომელმაც იქ გადასვლა არ ისურვა.

25 წლის ქართველ ფეხბურთელს "ტრაბზონსპორის" წარმომადგენლები უეფას ერთა ლიგის B და C დივიზიონებს შორის გამართული პლეი-ოფის დროს აკვირდებოდნენ, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა სომხეთს ორი მატჩის ჯამში 9:1 აჯობა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის დამატებით უშუალოდ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ფათიჰ თეკე ინტერესდება, რომელიც "ტრაბზონსპორში" შოთა არველაძის, არჩილ არველაძის, გიორგი ნემსაძის, გოჩა ჯამარაულის, ბესიკ ბერაძის და კახაბერ კაჭარავას თანაგუნდელი გახლდათ.

პორტუგალიური მედია აქტიურად ამტკიცებს, რომ ლისაბონის "სპორტინგსა" და გიორგი ქოჩორაშვილს შორის შეთანხმება მიღწეულია და ახალი სეზონიდან ქართველი სწორედ პორტუგალიურ გრანდში ითამაშებს.

გიორგი ქოჩორაშვილს ლა ლიგა 2-ის ამ სეზონში 6 გოლი და 3 საგოლე პასი დაუგროვდა, მისი გუნდი ჩემპიონატში ლიდერის პოზიციას იკავებს, რასაც თუ დარჩენილ დროში შეინარჩუნებს, ლა ლიგაში აღზევდება. საქართველოს ნაკრებში, 2024 წლის შემოდგომიდან მოყოლებული, გიორგი ქოჩორაშვილმა 3 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები