კიდევ ერთი ტრანსფერი ესპანეთში: გიორგი გულიაშვილი ლა ლიგა 2-ის ლიდერ გუნდში ითამაშებს
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, გიორგი გულიაშვილი კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.
24 წლის ფეხბურთელი ლა ლიგა 2-ის წარმომადგენელ სანტანდერის რასინგს შეუერთდა და გუნდთან სამწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.
ქართველი ფეხბურთელი ესპანურ გუნდში 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
იბერია 1999-ს (იმ დროს საბურთალოს) აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ჩემპიონატის წარმომადგენელ სარაევოში 2023 წლის იანვრიდან თამშობს და ამ დროში 69 მატჩში 23 გოლის გატანა და 15 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. იჯარის წესით გიორგი გულიაშვილმა ველეჟ მოსტარში ითამაშა და 24 შეხვედრაში 10 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.
კანტაბრიის რეგიონის წარმომადგენელი გუნდი 1913 წელს არის დაარსებული და 1931 წელს ლა ლიგაში მეორე ადგილის დაკავება შეძლო. სანტანდერის რასინგი ლა ლიგიდან 2012 წელს გავარდა და მას შემდეგ ქვედა დივიზიონებში, უშუალოდ ლა ლიგა 2-ში კი 2022 წლიდან თამაშობს და ესპანური ფეხბურთის ელიტაში დასაბრუნებლად იბრძვის. ლა ლიგა 2-ში ჩატარებული 20 ტურის შემდეგ სანტანდერის რასინგი გათამაშების ლიდერია.