იტალიური მედიის შეფასება: "ის ჰიპერაქტიული იყო - კეთილი იყოს შენი დაბრუნება, კვარადონა"
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ს მეექვსე ტურის მატჩში კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა, გოლის გატანა, საგოლე პასის გაკეთება და პენალტის მოპოვება მოახერხა. ამის გარდა, ქართველმა ჯადოქარმა არაერთი ელეგანტური ეპიზოდი შექმნა, რომლის აღრიცხვაც ციფრებსა და სტატისტიკაში შეუძლებელია.
კვარას ეს შესანიშნავი თამაში ევროპულმა სტატისტიკურმა პორტალებმა უმაღლესი კოეფიციენტებით შეაფასეს, რის მერეც იტალიურმა მედია საშუალებებმა და ექსპერტებმა 22 წლის ქართველის შესახებ ისაუბრეს, რომელთაგანაც გამორჩეულებს გთავაზობთ.
Areanapoli.it-ი: "ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტის მოპოვება შეძლო, რომელიც ზიელინსკიმ გოლად აქცია. მეორე ტაიმში მან ორჯერ ძლიერად დაარტყა და ძელს მოარტყა, ამის მიუხედავად, არ დანებდა და ისეთი მომენტი შექმნა მეკარე სილვესტრის წინააღმდეგ, რომელიც მთელი მატჩის ბილეთის საფასურს უდრიდა. გოლის შემდეგ, მან სიმეონეზე საგოლე პასიც გააკეთა. ხვიჩა დაბრუნდა". (გამოცემამ კვარას თამაში 8 ქულით შეაფასა რაც უმაღლესი მაჩვენებელია).
La Gazzetta dello Sport: "კეთილი იყოს შენი დაბრუნება კვარადონა,192 დღის წინ გატანილი ბოლო გოლის შემდეგ. მას ჰქონდა დიდი სურვილი, რაც თავიდანვე გამოჩნდა. ირჩევდა სამიზნეს, ატყუებდა მეტოქეს, მოიპოვა პენალტი, გაატანინა ჩოლიტო სიმეონეს და საბოლოოდ იზეიმა გოლის გატანა". (შეფასება - 7.5).
Il Corriere dello Sport: "პენალტი მოიპოვა, შემდეგ კი ორივე ფეხით დარტყმული ძელს მოარტყა, ორივე ამ შემთხვევაში აპლოდისმენტების ღირსი იყო, შემდეგ კი ბურთი ბიჟორს მოპარა, სილვესტრის აჯობა და შემდეგ, შედევრის მიღწევა curva B-სთან ერთად იზეიმა. 4:1-ის დასაფიქსირებლად და ჩოლიტოს გოლისთვის მისი პასი საკვანძო აღმოჩნდა". (შეფასება - 8).
Tuttosport: "ტოტალური რბოლა. თავისი ხარისხის გემო პირველივე წუთიდან გვაგემა. პენალტი მოიპოვა, სიმეონეს საგოლე პასი მისცა და თავადაც 192 დღის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა." (შეფასება - 8).
Il Mattino: "დიდი დაბრუნება. ის გაბრაზებული ართმევს ბურთს ბიჟოლს და 192 დღის შემდეგ კვლავ პოულობს გოლს და ლამაზ ღამეს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის: "მან იგრძნო ბურთი და მის კონტროლში უნიკალური იყო. ებოსელე მოატყუა, თავბრუ დაასხა და პენალტი აკიდა. მთელი თამაშის განმავლობაში ბრწყინვალე, ჰიპერაქტიული იყო. ის არ ქრება მაშინაც კი, როცა გოლი არ ჩანს". (შეფასება - 7.5).
ხვიჩა კვარაცხელიას 2023/24 წლების სეზონში "ნაპოლის" შემადგენლობაში უკვე 6 მატჩში 1 გოლი, 2 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი დაუგროვდა. შემდეგ მატჩს ქართველი ფეხბურთელის გუნდი 30 სექტემბერს, "ლეჩეს" წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.