IJF-ს განახლებული რეიტინგი - თუშიშვილი და ჯაბნიაშვილი რეიტინგში დაწინაურდნენ
ავსტრიის გრან პრის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მსოფლიო რეიტინგი განაახლა.
განახლებულ რეიტინგში ორივე ქართველი - გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ) დაწინაურდნენ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 20 წლის გიორგი ჯაბნიაშვილმა დიდებული შეჯიბრი ჩაატარა და მან ულამაზესი გდებებით დაგვამახსოვრა თავი. საბოლოოდ კი 20 წლის ქართველმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, ძალიან გამოცდილი უნგრელი - კრისტიან ტოტი დაამარცხა და ეროვნულ ნაკრებში პირველი მედალი მოიპოვა. გიორგი ჯაბნიაშვილმა მოპოვებული ბრინჯაოს მედლით მსოფლიო რეიტინგში 350 ქულა ჩაიწერა და 19 პოზიციით დაწინაურდა (ახლა მსოფლიო რეიტინგის 54-ე ნომერია).
რაც შეეხება გურამ თუშიშვილს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ავსტრიაში ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. მან ნახევარფინალი ლეგენდარულ ჩეხთან - ლუკაშ კრპალეკთან დათმო, თუმცა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ისრაელის წარმომადგენელი - ევგენი შმაჩილინი დაამარცხა და მედალს დასჯერდა. ამ მოპოვებული მედლით კი მან მსოფლიო რეიტინგში 350 ქულა დაიმატა და 2 პოზიციით დაწინაურდა. გურამ თუშიშვილის ანგარიშზე 3873 სარეიტინგო ქულაა და მსოფლიო რეიტინგის მე-9 ნომერია.