Belive

IJF რეიტინგი განახლდა | დემეტრაშვილი TOP 3-ში შევიდა, ინანეიშვილი და გოჩილაიძე რეიტინგში დაწინაურდნენ

2 საათის წინ ქართული სპორტი
2 წთ

2026 წლის აბუ დაბის გრანდ სლემი საქართველოს ნაკრებმა 3 მედლით დაასრულა - ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ბრინჯაოს მედლებს კი - საბა ინანეიშვილი (+100 კგ) და დიმიტრი გოჩილაიძე (81 კგ) დასჯერდნენ.

აბუ დაბის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც ქართველებმა, რომლებმაც აბუ დაბის გრანდ სლემზე კვარცხლებკზე ასვლა შეძლეს, მსოფლიო რეიტინგში დიდი წინ სვლა აქვთ.

81 კგ

81 კგ-ში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - დიმიტრი გოჩილაიძე, რომელმაც რუსი მეტოქე დაამარცხა.

ამ გამარჯვებით დიმიტრიმ 500 სარეიტინგო ქულა დაიმატა, რითაც მსოფლიო რეიტინგში 13 პოზიციით დაწინაურდა. 1267 სარეიტინგო ქულით, დიმიტრი გოჩილაიძე მსოფლიოს 45-ე პოზიციაზეა.

+100 კგ

აბუ დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების მხრიდან ერთადერთი ოქროს მედალი ირაკლი დემეტრაშვილმა მოიპოვა - ირაკლიმ მოპოვებული ოქროს მედლით მსოფლიო რეიტინგში 1000 ქულა ჩაიწერა, რითაც 2 პოზიციით წინ წაიწია და იგი მსოფლიოს TOP 3-ში შევიდა. 4380 ქულით ირაკლი მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერია.

რაც შეეხება საბა ინანეიშვილს, რომელიც ტატამიზე დიდი ხანი არ ჩანდა და აბუ დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოთი დაბრუნდა, ამ გამარჯვებით მან 500 სარეიტინგო ქულა დაიმატა და მსოფლიო რეიტინგში 7 პოზიციით წინ წაიწია - 2120 სარეიტინგო ქულით, საბა ინანეიშვილი მსოფლიოს მე-20 ნომერია.

სხვა სტატიები