IJF-მ რეიტინგი განაახლა - ქართველების დიდი წინსვლა მსოფლიო რეიტინგში
24 მარტს, თბილისის გრანდ სლემი ოფიციალურად დასრულდა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მესამე საშეჯიბრო დღეს, მამაკაცთა 3 წონითი კატეგორიიდან 2-ში ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა, კერძოდ კი 90 კგ-ში ოქროს მედალს ლაშა ბექაური, ხოლო +100 კგ წონით კატეგორიაში - გურამ თუშიშვილმა გაიმარჯვა.
ისე კი თბილისის გრანდ სლემზე, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე: 4 ოქროს მედალი (შავდათუაშვილი, ბექაური, თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი) და 1 ბრინჯაოს მედალია (საბა ინანეიშვილი).
თბილისის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც ქართველები დაწინაურდნენ.
73 კგ
73 კგ წონით კატეგორიაში, თბილისის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა - ლაშა შავდათუაშვილმა. ამ მოპოვებული ოქროს მედლით მან მსოფლიო რეიტინგში 1000 ქულა დაიმატა და 2 პოზიციით დაწინაურდა (მე-7 პოზიციიდან მე-5-ზე გადაინაცვლა).
ახლა შავის ანგარიშზე 4402 სარეიტინგო ქულაა და მე-4 ადგილოსან უზბეკ - მუროჯონ იულდოშევს მხოლოდ 261 ქულით ჩამორჩება.
90 კგ
90 კგ წონით კატეგორიაში ტრიუმფით იასპარეზა ლაშა ბექაურმა და ოქროს მედალსაც საკმაოდ მარტივად დაეუფლა. ამ მოპოვებული ოქროს მედლით, ლაშა ბექაურმა მსოფლიო რეიტინგში 5995 სარეიტინგო ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე მყოფ - ლუკა მაისურაძეს, მხოლოდ და მხოლოდ 221 ქულით ჩამორჩება, ხოლო მესამე ადგილზე მყოფ უნგრელ - კრისტიან ტოტს კი 974 ქულით გადაუსწრო.
+100 კგ
მძიმე წონაში მოპოვებული ოქროს მედლით, გურამ თუშიშვილმა თბილისის გრანდ სლემი დახურა და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.
მოპოვებული ოქროს მედლით, თუშიშვილმა 1000 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურდა. მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონის ანგარიშზე ახლა 4553 სარეიტინგო ქულაა და მე-9 პოზიციიდან მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა.
ასევე ამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საბა ინანეიშვილმა, რომელმაც 500 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგში 9 პოზიციით დაწინაურდა. საბამ 33-ე პოზიციიდან 24-ე პოზიციაზე გადაინაცვლა და მის ანგარიშზე 2420 სარეიტინგო ქულაა.
57 კგ
თბილისის გრანდ სლემი ისტორიული გამოდგა ეთერ ლიპარტელიანისთვის, რომელიც ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველი ქალი ფალავანი გახდა, რომელმაც გრანდ სლემზე ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.
მოპოვებული ოქროს მედლით, ეთერ ლიპარტელიანმა 1000 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგში 1 პოზიციით წინ წაიწია. ეთერის ანგარიშზე 4698 სარეიტინგო ქულაა.