IJF-მ რეიტინგი განაახლა | 3 ქართველი რეიტინგში დაქვეითდა, სარდალაშვილი და ლიპარტელიანი დაწინაურდნენ
31 მარტს, ანტალიის გრანდ სლემი ოფიციალურად დასრულდა. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებისთვის ანტალიის გრანდ სლემი წარუმატებელი გამოდგა, რადგან ქართველთა ანგარიშზე 0 მედალი იყო.
ანტალიის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც რამდენიმე წონაში ქართველები დაქვეითდნენ, ხოლო 2 წონაში დაწინაურდნენ.
60 კგ
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ანტალიის გრანდ სლემის ოქროს მედალი, ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე - აიუბ ბლიევს დარჩა. ვერცხლის მედალი ლუკა მხეიძის ანგარიშზეა (საფრანგეთი), ბრინჯაოს მედლებს კი - სალიჰ ილდიზი (თურქეთი) და ემილ ჯარინგი (ნიდერლანდები) დასჯერდნენ.
ჩინეთის ტაიპეის წარმომადგენლის - იანგ ვეი იანგი წარუმატებლობის გამო, მსოფლიო რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა გიორგი სარდალაშვილი, რომელიც მე-5 პოზიციაზე გადავიდა. სარდალაშვილის ანგარიშზე 4524 სარეიტინგო ქულაა.
66 კგ
ალბათ არავის გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ 66 კგ წონით კატეგორიაში ანტალიის გრანდ სლემის გამარჯვებული - ჰიფუმი აბე გახდა. ვერცხლის მედალი ტაჯიკმა - ნურალი ემომალიმ მოიგო, ბრინჯაოს მედლებს კი - ობიდ ჯებოვი (ტაჯიკეთი) და ვალიდ ხიარი (საფრანგეთი) დასჯერდნენ.
66 კგ წონით კატეგორიაში, მსოფლიო რეიტინგში ყველაზე დიდი ცვლილებები მოხდა. მერვე ადგილი დაკარგა ვაჟა მარგველაშვილმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 2 პოზიციით დაქვეითდა და ახლა იგი მე-10 ნომერია.
73 კგ
ანტალიის გრანდ სლემის გამარჯვებული ამ წონით კატეგორიაში, მოლდოველი - ადილ ოსმანოვი გახდა. ვერცხლის მედალს, აზერბაიჯანელი - რაშის მამმადალიევი დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს - უმალტ დემირელი (თურქეთი) და შარხამ ახადოვი (უზბეკეთი) დაეუფლნენ.
სხვა ძიუდოისტების წარმატებისა თუ წარუმატებლობის გამო, ამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ერთი პოზიციით დაქვეითდა და მსოფლიოს მე-6 ნომერი გახდა. მის ანგარიშზე 4402 სარეიტინგო ქულაა.
+100 კგ
ანტალიის გრანდ სლემზე ტატამს დაუბრუნდა ტედი რინერი, რომელმაც 2024 წელს უკვე მეორე ოქროს მედალიც მოიპოვა (პირველი ოქროს მედალი პარიზის გრანდ სლემზე მოიგო).
ანტალიის გრანდ სლემი უმაგრესმა ფინალმა დახურა, სადაც ტედი რინერი ტაცურუ საიტოს დაუპირისპირდა. მთელი ბრძოლა საიტოს უპირატესობით მიმდინარეობდა და ლეგენდარულ ფრანგს 2 შიდოც ჰქონდა მიღებული, თუმცა ტედი რისი ტედია, თუ ბოლო წამებზე საოცრებას არ შემოგვთავაზებს და ასეც მოხდა.
ანტალიის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ +100 კგ წონით კატეგორიის TOP 10-ში დიდი ცვლილებებია. ტედი რინერი მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერი გახდა (მე-8 პოზიციიდან), ასევე 4 პოზიციით დაწინაურდა ტაცურუ საიტო და ახლა იგი მსოფლიოს მეექვსე ნომერია. სხვა ძიუდოისტების წარმატების გამო, მსოფლიო რეიტინგში დაქვეითდა გურამ თუშიშვილი, რომელმაც 3 პოზიცია დაკარგა და მეხუთე ადგილიდან მე-8 ადგილზე გადაინაცვლა.
57 კგ
ანტალიის გრანდ სლემზე, 57 კგ წონით კატეგორიაში მაგარი ფინალი გვქონდა. კანადელი - კრისტინა დეგუჩი, ბრაზილიელ - ჯესიკა ლიმას დაუპირისპირდა. საბოლოოდ გამარჯვებული კანადელი ფალავანი გახდა, რომელმაც ამ გამარჯვებით მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილი გაიმყარა და 2024 წლის პარიზის ოლიმპიადისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიო რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა ეთერ ლიპარტელიანი და ახლა იგი მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერია. ეთერის ანგარიშზე 4698 სარეიტინგო ქულაა.
შემდეგი საერთაშორისო შეჯიბრი 25-28 აპრილს გაიმართება. ეს შეჯიბრი კი ევროპის ჩემპიონატი იქნება, რომელსაც ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები უმასპინძლებს.