ჰაიდენჰაიმის მწვრთნელი: "ბუდუს გოლი სჭირდება, რომ ნავსი გატეხოს და ეს მთელი გუნდის პასუხისმგებლობაა"
4 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
"ჰაიდენჰაიმის" მთავარი მწვრთნელი, ფრანკ შმიდტი, ბუნდესლიგის 21-ე ტურში, "ფრაიბურგთან" სტუმრად გასამართი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, თავისი გუნდისა და საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდის, ბუდუ ზივზივაძის შესახებ საუბრობს.
"ბუდუს საგოლე შანსები უკვე მიეცა, დორტმუნდის "ბორუსიასთან" და "აუგსბურგთან" მატჩებში. მას ჯერ კიდევ აკლია გოლები, მაგრამ ეს აღიზიანებს ცენტრალურ ფორვარდს. ჩვენ აქ ის გოლების გასატანად მოვიყვანეთ, მაგრამ ამასთან ერთად, სხვა ფუნქციებიც აქვს, გუნდური მუშაობა, შეტევის აგებაში მონაწილეობა. "დორტმუნდთან" მატჩში ის ბურთს ელოდა, მაგრამ ტექნიკური შეცდომების გამო, მიწოდება ვერ შევძელით. სწორედ ამაზე ვმუშაობთ, რომ შეტევის ფინალურ მონაკვეთში ფორვარდების მომარაგება მოვახერხოთ. ნავსის გატეხვას დრო სჭირდება და სწორედ ამას ველოდებით, ოღონდ ეს არამხოლოდ ბუდუს, არამედ მთელი გუნდის საქმეა", - ამბობს "ჰაიდენჰაიმის" მთავარი მწვრთნელი.
ბუდუ ზივზივაძე "ჰაიდენჰაიმში" გადასვლის შემდეგ, 5 მატჩში ძირითად შემადგენლობაში გახლდათ, 30 წლის ქართველმა ფორვარდმა საგოლე პასის გაკეთება მოახერხა და 4 თამაში შეუცვლელად ჩაატარა, მისი გუნდი შემდეგ მატჩს 8 თებერვალს, "ფრაიბურგთან", გამართავს. სტუმრად გასამართი შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.