Belive

გვჯერა | ზურიკო დავითაშვილის პორტრეტი

1 თვის წინ ქართული სპორტი
7 წთ

2024 წლის UEFA-ს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ლუქსემბურგს დაუპირისპირდება. ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ისტორიული შანსი უკვე მეორედ მიიღო. "დინამო არენაზე" ლუქსემბურგის დამარცხების შემთხვევაში, ფინალში, ყაზახეთსა და საბერძნეთს შორის გამარჯვებულს კვლავ საშინაო კედლებში დავუპირისპირდებით.

ნახევარფინალური მატჩი 21 მარტს გაიმართება, ფინალური შეხვედრა კი 26 მარტს შედგება. მოახლოებული მატჩების წინ belive-ის გუნდი არაერთ საინტერესო სიახლეს გპირდებათ. მათ შორის კი, პროფილურ სტილში გიამბობთ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩვენს ნაკრებს ევროპის მთავარი სანაკრებო ტურნირისკენ გაუძღვებიან.

ჩვენს რუბრიკაში შემდეგი ფეხბურთელი ამპლუით შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილია, რომელსაც ასევე მარჯვენა ფლანგიდან შეუძლია შეტევების გამწვავება.

სახელი და გვარი: ზურიკო დავითაშვილი

ასაკი: 23 წლის

სიმაღლე: 175 სმ

წონა: 63 კგ

კარიერა: "დინამო თბილისი" - თბილისის "ლოკომოტივი" - ყაზანის "რუბინი" - ვოლგოგრადის "როტორი" - ყაზანის "რუბინი" - ტულას "არსენალი" - ბათუმის "დინამო" - "ბორდო"

მატჩი ეროვნულ ნაკრებში: 32

გოლი: 6

საგოლე პასი: 2

"დინამო თბილისიდან" დაწყებული კარიერა - ზურიკო დავითაშვილი

ზურიკო დავითაშვილი, ფეხბურთელი, რომელსაც შეტევის ხაზში ყველგან შეუძლია თამაში, ძალიან პატარა ასაკიდან "დინამოს" გუნდის წევრი გახდა. ზუკამ კარიერა თბილისურ "დინამოში" დაიწყო, სადაც მათსავე აკადემიიდან მოხვდა, იქ არც თუ ისე დიდი პერიოდი გაატარა. ქართველი ფეხბურთელის პროფესინალური კარიერა 2017 წელს დაიწყო და დებიუტი 29 სექტემბერს ფოთის "კოლხეთის" წინააღმდეგ ჰქონდა, მან აღნიშნული შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 72 წუთი გაატარა, "დინამო თბილისში" ზურიკოს მხოლოდ 6 მატჩი ჰქონდა ჩატარებული. შემდეგ მალევე თბილისის "ლოკომოტივს" მიაშურა, იქ 1 სეზონზე ცოტა მეტი დრო გაატარა და 29 თამაშში 3 გოლის გატანა მოახერხა. თბილისურ კლუბში ასპარეზობის პერიოდში 2018 წელს ის Guardian-მა მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს შორის დაასახელა.

ზურიკო დავითაშვილი თბილისის "ლოკომოტივში"

ზურიკო დავითაშვილი ყაზანის "რუბინში"

ზურიკო დავითაშვილის კარიერა რუსეთში 2019 წელს გაგრძელდა, ქართველი ფეხბურთელის პირველი რუსული კლუბი ყაზანის "რუბინი" იყო, იქ ზუკამ 1 წელი გაატარა, ამ დროში კი მან 28 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა, შემდეგ იჯარით წავიდა ვოლგოგრადის "როტორში", სადაც ასევე მცირე ხანი დაჰყო და 1 წელი იასპარეზა, 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გოლი არ გაუტანია. ბოლო რუსული კლუბი, სადაც ზურიკო დავითაშვილი "რუბინიდან" გადავიდა იყო ტულას "არსენალი", ტრანსფერი უფასოდ შედგა, მან 20 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა.

ზურიკო დავითაშვილი - "რუბინი" / "როტორ ვოლგოგრადი" / "არსენალ ტულა"

შემდეგი გაჩერება ბათუმი

ზურიკო დავითაშვილმა ტულას "არსენალთან" კონტრაქტი გაწყვიტა და საქართველოში დაბრუნდა. ზუკამ კარიერა 2022 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით "დინამო ბათუმში" გააგრძელა. ვრცელი კარიერა ქართველ ფეხბურთელს არც შავიზღვისპირელების შემადგენლობაში ჰქონდა, მაგრამ ეს იყო დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი პერიოდი ქართული ფეხბურთის ქომაგებისთვის, ზურიკო კვარასთან ერთად "დინამო ბათუმში" გადავიდა. ტრანსფერი ნახევარი წელი გაგრძელდა, მაგრამ ზუკასთვის საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა: მან 14 მატჩში 6 გოლი გაიტანა. სწორედ ამ პერიოდში ბათუმური გუნდი ჩემპიონის სტატუსით იყო და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობდა, პირველ ტურში "დინამო" "სლოვანს" შეხვდა. ზუკამ ბათუმური გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი სწორედ აქ გაიტანა, მაგრამ ბათუმის გუნდი სლოვაკურ გუნდთან მაინც დამარცხდა.

გოლი:

"დინამო ბათუმში" ყოფნის პერიოდში ქართველი ფეხბურთელით "ბორდო" დაინტერესდა და ტრანსფერიც მალე შედგა. 2022 წელს ზურიკო დავითაშვილი ფრანგულ კლუბში იჯარით წავიდა, ხოლო "ბორდომ" ის ერთი სეზონის შემდეგ გამოისყიდა, ტრანსფერის ღირებულებამ 1.25 მილიონი ევრო შეადგინა.

ზურიკო დავითაშვილი "დინამო ბათუმში"

ქართველი ფეხბურთელი ისტორიულ, ფრანგულ კლუბში

ზურიკო დავითაშვილის კარიერა ამჯერად ლიგა 2-ის "ბორდოში" 2022 წელს დაიწყო. როდესაც ის ფრანგულ კლუბში ჯერ კიდევ იჯარით იყო, პირველივე სეზონში 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი შედეგიანობით გამოიჩინა. პირველი გოლი სადებიუტო მატჩში "დიჟონთან'' გაიტანა. სწორედ მას ეკუთვნოდა გამარჯვების მომტანი გოლი, მატჩი 2:1 დასრულდა. 2023/24 წლების სეზონში 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლის გატანა მოახერხა.

ქართველ ფეხბურთელს "ბორდოსთან" კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული. მას სატრანსფერო ღირებულების პიკი, 3 მილიონი ევროს ოდენობით, სწორედ "ბორდოს" შემადგენლობაში ჰქონდა. ეს მაჩვენებელი 2023 წლის ზამთარში შეიცვალა და დღეისთვის 2.5 მილიონ ევროს შეადგენს.

ზურიკო დავითაშვილი "ბორდოში"

ასაკობრივებიდან ეროვნულ ნაკრებამდე

ზურიკო დავითაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობამდე 17, 19 და 21 წლამდელებში თამაშობდა. ქართველი ფეხბურთელის სტატისტიკა ასაკობრივ ნაკრებებში კი ასეთია: U17-ში 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლი გაიტანა, U19-ის 9 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა და U21-ის 5 დაპირისპირებაში 1 გოლი გაიტანა.

ზურიკო დავითაშვილის გოლი 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, აღნიშნულ შეხვედრაში ზურიკომ მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიიღო.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა

ზურიკო დავითაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ადრეულ ასაკშივე მოხვდა, ის 18 წლის იყო. მან პირველი მატჩი სამხრეთ კორეის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ჩაატარა. შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 72 წუთი ითამაშა. სადებიუტო გოლი კი ქართველმა ფეხბურთელმა ბულგარეთის წინააღმდეგ ამხანაგურ დაპირისპირებაში 77-ე წუთზე გაიტანა.

ზურიკო დავითაშვილის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში | სამხრეთ კორეა 2:2 საქართველო

მას შემდეგ იყო ბევრი შეხვედრა. ჯამში ზურიკო დავითაშვილმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი (ბულგარეთთან 2, კოსოვოსთან, კვიპროსთან, 2 ტაილანდთან) და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. 23 წლის ფეხბურთელს მარჯვენა და მარცხენა ფლანგების შემტევის პოზიციაზე თამაში შეუძლია, ასევე შემტევ ნახევარმცველად, მაგრამ მისი მთავარი სათამაშო პოზიცია მარჯვენა ფლანგია და აღნიშნული ადგილიდან შეტევების გამწვავებაა.

ზურიკო დავითაშვილი ისტორიული მატჩის მოლოდინშია და ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს. ქართული საფეხბურთო სამყაროს ისტორიული მოვლენა ჯერ 21 მარტს საქართველო - ლუქსემბურგის მატჩით გაიხსნება და გამარჯვების შემთხვევაში 26 მარტს საბერძნეთი/ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შევხვდებით.

სხვა სტატიები