გუნდური პირველი ადგილი ვაჟებში | ავსტრიიდან 3 მედლით ვბრუნდებით
ავსტრიის გრან პრის მესამე საშეჯიბრო დღე ქართველი ძიუდოისტების დომინაციით წარიმართა. 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ორივე ქართველმა, ტატო გრიგალაშვილმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ფინალში გასვლა მოახერხეს და ოქროს ბედი ერთმანეთში უნდა გადაეწყვიტათ. ფინალური ბლოკის დაწყებბამდე, ცნობილი გახდა, რომ ტატო გრიგალაშვილი, ტრავმის გამო, შეხვედრას ჩაეხსნა, ამიტომ ოქროს მედალი ჯაბნიაშვილს დარჩა, ვერცხლი - ტატოს.
გრიგალაშვილმა გზად ფრანგი ტეო ჰერბიერი, იაპონელი ჰიდეტოში ტოკუმოჩი, ავსტრიელი ტომას შარფეტერი და სერბი მილან რადული გაიარა.
გიორგი ჯაბნიაშვილმა პირველ დაპირისპირებაში სერბი ისლამ სოგენოვი დაამარცხა, შემდეგ უკრაინელი სტანისლავ გუნჩენკო გამოთიშა ასპარეზობას, მეოთხედფინალში იაპონელ რიკუ ოკადას მოუგო, ფინალის საგზურისთვის კი ბრაზილიელი მარსელო ფრონკოვიაკი დაამარცხა.
6-თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ ტატამიზე, 100+ გკ წონით კატეგორიაში, გურამ თუშიშვილი დაბრუნდა და საქართველოს ოქრო მოუტანა. ფინალში თუშიშვილმა პრინციპული მეტოქე, ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა. ამავე წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედლის მოპოვება შალვა გურეშიძეს შეეძლო, თუმცა ბოლო წამს უკრაინელ ბალიევსკისთან ვაზარით წააგო.
2 ოქრო და 1 ვერცხლი - ეს ნიშნავს რომ ვაჟთა შორის, გუნდურად, საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე იტალიელები გავიდნენ, რომლებმაც ასევე 2 ოქრო მოიპოვეს, თუმცა სხვა მედალი არ ჰქონიათ.