Belive

"გულდაწყვეტილი ვარ, მინიმუმ ქულა უნდა აგვეღო" - გურამ კაშია შვედეთთან წაგებულ შეხვედრას აფასებს 

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, შვედეთთან, სტუმრად – 0:1 დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, გურამ კაშიამ, შეხვედრა შეაფასა და თქვა, რომ ჩვენი გუნდი ამ მატჩში სულ მცირე ფრეს იმსახურებდა.
"პირველ რიგში, მსურს დებიუტანტებს მივულოცო ეროვნულ ნაკრებში გამართული პირველი შეხვედრა. ვთვლი, რომ მათ ძალიან კარგად ითამაშეს. გუნდში ახალი ენერგიაა და ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რადგან მინიმუმ ქულა უნდა აგვეღო, ამისთვის საკმარისი მომენტები გვქონდა. დაცვაში კარგად ვითამაშეთ, რაც მწვრთნელს სურდა და ამ ორ დღეში შევისწავლეთ, ყველაფერი მაქსიმალურად გავაკეთეთ. კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და ნაჩვენები შედეგით ბედნიერი არ ვარ", - თქვა კაშიამ.
33 წლის ცენტრალურმა მცველმა სკანდინავიაში ჩატარებულ მატჩში მე-60 წუთიდან, ანუ მას მერე, რაც მოედანი ჯაბა კანკავამ დატოვა, კაპიტნის სამკლაურით ითამაშა. მომდევნო, მეორე ტურის მატჩს საქართველოს ეროვნულ გუნდს 28 მარტს, “დინამო არენაზე”, ესპანეთის წინააღმდეგ ელოდება. მატჩზე დასასწრები 15 000 ბილეთი უკვე გაყიდულია, შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი საქართველოს პირველი არხის ეთერში იქნება შესაძლებელი. წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

სხვა სტატიები