Belive

გუანჯოუ მასტერსის პირველი დღის შეჯამება და ქართველი ფალავნების ხვალინდელი დღის განრიგი

5 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
დღეს, 15 დეკემბერს ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში სტარტი აიღო ძიუდოს 2018 წლის ბოლო შეჯიბრმა, გუანჯოუ მასტერსმა. შეგვიძლია საქართველოს ნაკრების ასპარეზობა წარმატებულად ჩავთვალოთ პირველივე დღეს, რადგან დღეს ქართველმა ფალავნებმა 3 მედალი მოიპოვეს: 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით იასპარეზეს ლუხუმ ჩხვიმიანმა და ამირან პაპინაშვილმა. ამირან პაპინაშვილმა პირველივე ბრძოლაში მარტივად დაამარცხა ჩინელი იე შანგი და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ისლამ იაშუევი იყო. ქართველმა ფალავანმა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა რუსი სპორტსმენი და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ნახევარფინალში მას უძლიერესი მონღოლი ამარტუშინ დაშდავაა დაუხვა, თუმცა ამირანმა მისი დამარცხებაც შეძლო და ფინალის საგზური მოიპოვა. დიდი მასტერსის ფინალში ამირანს, წარმოშობით ქართველი რობერტ მშვიდობაძე შეხვდა, რომელიც რუსეთის სახელით ასპარეზობდა. სამწუხაროდ ქართველი სპორტსმენი ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. საბოლოოდ -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ოქროს მედალს რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე დაეუფლა. -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ვაჟა მარგველაშვილმა იასპარეზა. ვაჟამ პირველივე ორთაბრძოლაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა კუბელ ოსნიელ სოლისთან და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ყაზახი იელდოს ჟუმახანოვი იყო. სამწუხაროდ ქართველი სპორტსმენი ყაზახთან უშანსოდ დამარცხა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც მისი მეტოქე მონღოლი ხერლენ განბოლდი იყო. ვაჟა მარგველაშვილმა დამაჯერებლად გაიმარჯვა მონღოლთან და ბრძოლა ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძო. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მისი მეტოქე ბრაზილიელი დანიელ კარგნინი იყო, რომელიც ნახევარფინალში ებრაელ ბარუჩ შმაილოვთან დამარცხდა. ვაჟამ ბრაზილიელი მეტოქეც დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. საბოლოოდ -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ოქროს მედალს იაპონელი იოშირო მარუიამა დაეუფლა. და დღის ბოლო წონა: -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ლაშა შავდათუაშვილმა იასპარეზა. ლაშამ პირველივე ბრძოლაში მარტივად დაამარცხა თურქეთის სახელით მოასპარეზე ბილალ კილოღლუ და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ოლიმპიური ჩემპიონი, აზერბაიჯანელი რუსტამ ორუჯოვი იყო. სამწუხაროდ ლაშა შავდათუაშვილმა აზერბაიჯანელი მეტოქე ვერ დაამარცხა და რეპეშაჟში ჩაერთო. რეპეშაჟში მისი მეტოქე კოსოვოელი აკილ გიაკოვა იყო, რომელიც ლაშამ მარტივად დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო, სადაც მას უძლიერესი მონღოლი მეტოქე ოდბაიარ გარბაატარი ჰყავდა. საბედნიეროდ ლაშა შავდათუაშვილმა ურთულესი მეტოქე დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს გუანჯოუს მასტერსზე მესამე მედალი შესძინა. საბოლოოდ -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ოქროს მედალს აზერბაიჯანელი რუსტამ ორუჯოვი დაეუფლა. გუანჯოუს მასტერსი ხვალ, 16 დეკემბერს დასრულდება, სადაც საქართველოს სახელით -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი, -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი იასპარეზებენ.

სხვა სტატიები