Belive

"გონივრული იქნება, თუ მწვრთნელი მას თავდამსხმელის პოზიციაზე გამოიყენებს" - ნიდერლანდურ მედიაში მიქაუტაძეზე საუბრობენ

11 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ნიდერლანდური მედია საქართველოს ნაკრებისა და ამსტერდამის "აიაქსის" თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ 22 წლის ქართველ ფეხბურთელს შედეგიანი სანაკრებო მატჩების შემდეგ, მეტი სათამაშო დრო უნდა მიეცეს.

"გიორგი მიქაუტაძე ამსტერდამულმა გუნდმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "მეციდან" 16 მილიონ ევროდ დაიმატა, მაგრამ მორის შტეინის ხელმძღვანელობით, მას სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა. ეს შეიძლება შეიცვალოს სანაკრებო შესვენების შემდეგ - მიქაუტაძემ საქართველოს ეროვნული გუნდის ორ მატჩში ხუთჯერ გაიტანა.

22 წლის თავდამსხმელმა ხუთშაბათს ისტორიის დაწერა მოახერხა: ჩვიდმეტ წუთში სამჯერ გაიტანა და გახდა პირველი ფეხბურთელი თავისი ნაკრების ისტორიაში შოთა არველაძის შემდეგ, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. "აიაქსის" ფეხბურთელმა მეოთხე გოლიც გაიტანა, რათიც ის, საქართველოს ნაკრების ისტორიაში, პოკერის პირველ ავტორად ჩაიწერა.
ეს ყველაფერი ტაილანდის ნაკრებთან მოხდა და გასაგებია, რომ მიქაუტაძეს განსაკუთრებულად რთული მეტოქე არ ყოლია, მაგრამ მან შემდეგ მატჩში კვიპროსსაც გაუტანა, რითიც აჩვენა, რომ მაღალი კლასი აქვს. კლასი, რომელიც "აიაქსში" ჯერ ვერ გამოავლინა, რადგან მორის შტეინმა მას საკუთარ სათამაშო პოზიციაზე (თავდამსხმელი) შანსი არ მისცა,

მწვრთნელი მიქაუტაძეს მხოლოდ 10 ნომრად ან გარემარბად იყენებდა, მაგრამ მისი თვისებები ძირითადად შეტევის ცენტრშია. ის ფაქტი, რომ თავდამსხმელს, როგორც ჩანს, თავადაც ურჩევნია ამ პოზიციაზე თამაში, აშკარა იყო ტაილანდის წინააღმდეგ მატჩის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში: "ვარჯიშებს კარგად ვატარებ, მაგრამ საკუთარ პოზიციაზე არ ვთამაშობ. კარგია, მე მივიღე შესაძლებლობა ტაილანდთან და გამოვიყენე".

აშკარაა, რომ სტეინს მიქაუტაძესთან მორგება ძალიან უჭირს. თუმცა, გასული კვირანახევრის განმავლობაში, კიდევ ერთხელ გაირკვა, რომ თავდამსხმელს შეუძლია თავისი მწვრთნელის სასარგებლოდ, მოედანზე სხვაობა შექმნას, ოღონდ იმ პირობით, რომ გუნდი მას სათანადოდ გამოიყენებს.

სტეინის მხრიდან, დატვირთული გრაფიკის გათვალისწინებით, გონივრული გადაწყვეტილება მიქაუტაძის ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე უფრო ხშირი გამოყენება იქნებოდა. თანაც, ბრობისთან კონკურენცია გაიზრდებოდა. ეს როგორც ნიდერლანდელის გამოფხიზლებას გამოიწვევს, ასევე, მიქაუტაძეს საშუალებას მისცემს, რომ ფართო მასებს თავდამსხმელის უნიკალური თვისებები აჩვენოს. - წერს ნიდერლანდური მედია.

მიქაუტაძეს, რომელმაც ოქტომბრის სანაკრებო შეკრების დროს ორ მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა, "აიაქსში" მხოლოდ სამ შეხვედრაში მიეცა თამაშის შესაძლებლობა და აქედან მხოლოდ ერთში აღმოჩნდა ძირითად შემადგენლობაში.

სხვა სტატიები