Belive

გიორგი ყრუაშვილი: "წარმატება თავისით არ მოდის, წლების თავდაუზოგავი შრომაა საჭირო"

1 თვის წინ ქართული სპორტი
5 წთ

გასული წლების განმავლობაში, ქართული სამსაჯო სკოლა ევროპული ფეხბურთის ყურადღების ცენტრში აქტიურად ექცევა, ევროპა და კონფერენს ლიგების ჯგუფური ეტაპები, სანაკრებო შეხვედრები და ევროპის 2021 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური მატჩი. ეს იმ ტურნირებისა და შეხვედრების ჩამონათვალია, რომლებზეც უახლოეს პერიოდში, საქართველოს აქამდე წარმომადგენელი არ ჰყოლია, ახლა კი ქართველ არბიტრს უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის შეხვედრის განსჯა ანდეს.

გიორგი ყრუაშვილი საქართველოს სამსაჯო სკოლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. სამსაჯო კარიერის განმავლობაში, იმსაჯა ისეთი მატჩები, როგორიცაა: 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალი, ევროპა ლიგაზე "ტოტენჰემი - ,,ლუდოგორეცი", ერთა ლიგის B დივიზიონში ინგლისის ნაკრების მატჩი და ახლა უკვე, გრაცის "შტურმისა" და ლისაბონის "სპორტინგის" (0:2) ჩემპიონთალიგური შეხვედრა.

ავსტრიისა და პორტუგალიის ჩემპიონების მატჩის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულ 38 წლის არბიტრს ვესაუბრეთ და კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მატჩის შესახებ ვკითხეთ.

გილოცავთ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის განსჯას. საინტერესოა თქვენი ემოციები როცა ამ მატჩზე დანიშვნის შესახებ შეიტყვეთ. გქონდათ თუ არა მოლოდინი, რომ ეს მომენტი მალე დადგებოდა?

გმადლობთ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე მოწვევის შესახებ, ჩვენი სამსაჯო განყოფილების უფროსმა, ბატონმა ჯუნეით ჩაქირმა შემატყობინა და რა თქმა უნდა, ორივენი ძალიან გახარებულები ვიყავით. ფინეთი-ინგლისის მატჩის მსაჯობის ფონზე, ისედაც შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი, ამიტომ ჩემთვის ეს ამბავი ორმაგად ემოციური აღმოჩნდა. ნამდვილად მქონდა ამის მოლოდინი. რაღაცნაირად, ვგრძნობდი, რომ მიზანთან ახლოს ვიყავი.

მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მოხვედრა მარტივი საქმე ნამდვილად არ გახლავთ. გვიამბეთ ამ მომენტამდე თქვენს მიერ განვლილი გზის შესახებ.

ვცდილობ, გავიხსენო რომელ პროფესიაშია დიდ მიზნამდე მისვლა მარტივი… არ მინდა, ის ხალხი დავაფრთხო, ვინც მსაჯის პროფესიის დაუფლებითაა დაინტერესებული, თუმცა, თავად ფაქტი მეტყველებს, რომ ამისთვის 21-წლიანი თავდაუზოგავი შრომა დამჭირდა, რაც ნამდვილად დიდი დროა. ამას ისიც ემატება, რომ აქამდეც არავის ჰქონია ეს გამოცდილება.

ჩემთვის წარმატება მარტივად არ მოსულა. მუდმივად მიწევდა საკუთარი თავისთვის მტკიცება, რომ მე ეს შემიძლია. რთული გამოდგა, იმდენად, რამდენადაც ქვეყნისთვის გარდამტეხ მომენტში შევეჭიდე ამ საქმეს. იყო პერიოდი, როცა ეკიპირების შეძენასაც საკუთარი სახსრებით ვცდილობდი.

დღეს, მსაჯობის მსურველთათვის გაცილებით გამარტივდა ყველაფერი, რადგან ფედერაცია სრულად უზრუნველყოფს ყველა საჭიროებას.

დიდი დრო დამჭირდა, თუმცა მე დღეს აქ ვარ და შეუძლებელი არაფერია, თუნდაც ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც ჩვენ ვართ.

Monaco-Trabzonspor maçını Giorgi Kruashvili yönetecek - Haberlobi -  Trabzon, Trabzonspor, son dakika haberler

როგორი განცდაა, როცა მსაჯის რანგში ამ პატარა ქვეყნის ყველაზე დიდ ტურნირზე წარდგენა გიწევს?

მხოლოდ სიამაყის! ზოგადად, არ აქვს მნიშვნელობა რა რანგის მატჩის განსჯა მიწევს და მერამდენედ. ყოველთვის სიამაყის განცდა მაქვს, როცა ჩემი ქვეყნის სახელით საერთაშორისო არენაზე გამოვდივარ.

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ქართველი ფეხბურთელის გუნდის მატჩი განსაჯეთ. ოთარ კიტეიშვილს ამ შეხვედრაში არ უთამაშია, მაგრამ ალბათ ერთმანეთს შეხვდით და ისაუბრეთ.

ძალიან მეამაყება, როცა ქართველი სპორტსმენები მონაწილეობენ საერთაშორისო ტურნირებში. არ დაგიმალავთ, ძალიან დამწყდა გული, კიტეიშვილმა ტრავმის გამო რომ ვერ შეძლო მოედანზე გამოსვლა. რა თქმა უნდა, შევხვდით, გულთბილი და უშუალო საუბარი შედგა ჩვენს შორის.

თქვენი საშუალებით, ყველა ქართველ ლეგიონერ ფეხბურთელს ვუსურვებ უდიდეს წარმატებას!

ჯუნეით ჩაქირის დანიშვნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელად, რამდენად დიდი გამოცდილებაა მსაჯებისთვის?

ფეხბურთის ყველაზე დილეტანტ გულშემატკივარსაც გაგონილი ექნება ჯუნეით ჩაქირის სახელი, როგორც ერთი-ერთი წარმატებული კარიერის მქონე მსაჯი მსოფლიოს მასშტაბით. გამოგიტყდებით, ჩემთვის ტოპ 3 საუკეთესო მსაჯთა შორისაა. პროფესიონალი მსაჯის გარდა, საუკეთესო მენეჯერიც აღმოჩნდა. პირადად ჩემთვის, მასთან ურთიერთობა უდიდესი სტიმული, გამოცდილება და სიამოვნებაა. თითქმის წელიწად-ნახევარია სამსაჯო კომიტეტს ხელმძღვანელობს და მისი მიდგომებისა და მუშაობის შედეგად, ჩვენი კარიერული მიღწევების ზრდის ტემპი საგრძნობლად დაჩქარდა, რაც უცხო თვალისთვისაც მარტივად შესამჩნევია. ის მუდმივად კონტაქტზეა ჩვენთან. მისი ყოველი რჩევა, თუ მითითება არის პროფესიონალიზმის უმაღლესი გამოვლინება.

სამი მთავარი ევროპული ტურნირის შესარჩევი და ფინალური ეტაპები, სანაკრებო შეხვედრები და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი. ამ ყველაფრის შემდეგ, რა არის ის მთავარი გამოწვევა, რომლის მიღწევაც კარიერის შემდეგ ეტაპზე გსურთ?

ერთ-ერთ გადაცემაში მკითხეს, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალი, იყო თუ არა ჩემი კარიერის მწვერვალი… გავიფიქრე, "წინ ჩემპიონთა ლიგაა", თუმცა მაშინ მომერიდა, რომ გამეჟღერებინა. რადგან ეს მიზანიც მიღწეულია, გავთამამდები და გეტყვით, რომ წინ უეფას სხვადასხვა ტურნირების ფინალებია.

სხვა სტატიები