გიორგი სარდალაშვილი ტაშკენტის გრანდ სლემის ვერცხლისმედალოსანია
უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრს, ტაშკენტის გრანდ სლემს მასპინძლობს, სადაც საქართველოს ნაკრები 6 სპორტსმენით არის წარმოდგენილი.
პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრების ღირსებას 3 სპორტსმენი იცავდა, თუმცა ლუხუმ ჩხვიმიანი და ლაშა ნადირაძე ასპარეზობას 1/8-ფინალებში გამოეთიშნენ, ხოლო გიორგი სარდალაშვილი ტაშკენტის გრანდ სლემის ვერცხლისმედალოსანი გახდა.
20 წლის ქართველმა ასპარეზობა მეორე ეტაპიდან უზბეკ - კამოლიდდინ ბახტიიოროვთან დაიწყო და დაამარცხა, შემდეგ ეტაპზე კი ტაჯიკ - ჰაქდოდ გულოვს მოუგო. 1/4-ფინალში გიორგი სარდალაშვილმა ყაზახი - იელდოს სმეტოვი დაამარცხა, რომელმაც თავის მხრივ 1/8-ფინალში ლუხუმ ჩხვიმიანს აჯობა.
სარდალაშვილის მეტოქე ნახევარფინალში ფრანგი - რომან ვალადირ პიკარდი იყო, რომელსაც 20 წლის ქართველმა ვაზარით აჯობა და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც უზბეკ - დოსტონ რუზიევს შეხვდა.
სამწუხაროდ, ქართველი ფალავანი უზბეკ მეტოქესთან დამარცხდა. შესაბამისად, მეორე ადგილსა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.