Belive

გიორგი ჭიაბრიშვილი: "ასტანასთან მარცხის შემდეგ განწყობის გამოსწორებაზე ვმუშაობთ და ეს დროულად უნდა მოვახერხოთ"

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "დინამო თბილისი" მალტის "ჰამრუნ სპარტანსს" უმასპინძლებს.

"დინამო არენაზე" გასამართი მატჩის წინ, ქართული კლუბის მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის თავკაცმა მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"ყოველთვის ვთვლი, რომ ყველაფერი მწვრთნელის ბრალია. ფეხბურთელი რომ მოედანზე გადის, ესეც ჩემი გადაწყვეტილებაა.

კონცენტრაციის დაკარგვა ჩემს გუნდს ახასიათებს, ასეთი შემთხვევები საქართველოს ეროვნულ ლიგაშიც ხშირად ყოფილა. თუმცა, ეს ყველაფერი ჩემი პასუხისმგებლობაა და შევეცდები, რომ შემდეგ შეხვედრაში ფეხბურთელები მოედანზე სრულ მზადყოფნაში გავიდნენ და პოზიტიური განწყობა ჰქონდეთ.

ვფიქრობ, რომ ჩვენ "ასტანას" ბარიერი უნდა გაგვევლო. მიმაჩნია, რომ აქ უიღბლობის კომპონენტმა იჩინა თავი. ჩვენთვის ამ შეხვედრის მოგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და ამის შემდეგ, ვცდილობთ, რომ განწყობა გამოვასწოროთ, თუმცა ახლა ეს ყველაფერი დროულად გავაკეთოთ და მომავალზე ვიფიქროთ.

ვფიქრობ, დღეს არ ვართ იმდენად ძლიერები, რომ ეტაპების გავლასა და ჯგუფებში შესვლაზე ვისაუბროთ, მაგრამ ის სწორი გზა, რომელიც არჩეული გვაქვს და ის მიდგომები, რომლებსაც ვიყენებთ, პროგრესული შედეგის მომტანია.

საქართველოს ჩემპიონატით რეალობას ვერ გავარკვევთ. რეალობა ევროტურნირებზე ჩანს. ჩვენ არ ვართ ევროტურნირების დონეზე ისეთი გუნდი, რომელიც დამაჯერებლად იტყვის, რომ ჯგუფში გასვლას შევძლებთ. თუ ჩვენ ტრავმირებულები არ გვეყოლებიან და წილისყრაში არ გაგვიმართლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ კატეგორიის გუნდი არ ვართ, რომელიც წინასწარ ჯგუფში გასვლის დაგეგმვას შეძლებს.

გაგი მარგველაშვილის შესაძლებლობები მე კარგად ვიცი და ვფიქრობ, რომ საქართველოში ერთ-ერთი კარგი მცველია. არ ვამბობ, რომ ის პირველი არჩევანია, მაგრამ ის ფეხბურთელია, რომელიც საჭირო დროს გამოგვადგება. მისი თამაში განპირობებულია იმით, რომ ნაკრებიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა მცველებთან მოსამზადებლად დიდი დრო არ გვქონდა. დატვირთვები განსხვავებული იყო, მარგველაშვილმა ჩემპიონატი საკმაოდ ადრე დაასრულა და შუა სეზონში ჩასართველად და ტონუსის ასაკრეფად დრო სჭირდებოდა.

ვფიქრობ, გიორგი მოისწრაფიშვილის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და არჩევანის თავისუფლება მაქვს, მას, ულად-ომარ იმრანს და დავით სხირტლაძეს შორის. არის პოზიციები, სადაც არჩევანის გაკეთება ძალიან მიჭირს. რაც შეეხება ზორან მარუშიჩს, გასაგებია, რომ ის დღეს ჩვეულ ფორმაში არ არის, მაგრამ მან უკვე 7 გოლის გატანა მოახერხა საქართველოს ჩემპიონატში და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ჩვენს გუნდში 9 ნომრის პოზიციას იკავებდეს.

ქომაგების გვერდით დგომა ფეხბურთში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მესმის, რომ ზაფხულში ეს თბილისში თულია, მაგრამ იმედია ისინი მოვლენ და ჩვენს გვერდით დადგებიან.

ვთვლი, რომ ქართველები ფეხბურთში მსოფლიოში ერთ-ერთი ნიჭიერი ერი ვართ. დაბადებიდან ქართველი ბავშვები ისეთივე ნიჭიერები არიან, როგორებიც ბრაზილიელი ან ესპანელები, თუმცა შემდეგ ამ რესურსს არ ვუფრთხილდებით. ყველამ ცოტა მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოვიყენოთ და უკეთეს საფეხბურთო რეალობაში ვიცხოვროთ.

გვაქვს მცირე მიკრო-ტრავმები ტაბიძის და სხირტლაძის შემთხვევაში, თუმცა არ ვიცი, როგორ მდგომარეობაში იქნებიან ხვალ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას" - თქვა გიორგი ჭიაბრიშვილმა.

"დინამო თბილისისა" და "ჰამრუნის" მატჩი 3 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები