Belive

ევროპის ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღე - პრევიუ: მედლების მოლოდინში

1 წლის წინ ქართული სპორტი
4 წთ

4 ნოემბერს, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრების რიგებში, ვერცხლის მედლის მოპოვება ტატო გრიგალაშვილმა შეძლო. იგი ფინალში წარმოშობით ქართველთან, თურქეთის სახელით მოასპარეზე - ვანო რევაზიშვილთან დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებისთვის ყველა შეჯიბრზე ბოლო საშეჯიბრო დღე ყოველთვის განსაკუთრებულია, რადგან ყველაზე მეტ მედალს სწორედ ამ წონით კატეგორიებში ვიღებთ.

90 კგ

90 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას, მოქმედი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი - ლუკა მაისურაძე და მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა ბექაური დაიცავენ.

ლუკა მაისურაძე A ბადეში იწყებს ასპარეზობას და მას პირველივე ეტაპზე საკმაოდ რთული მეტოქე, თურქი - მიჰაელ ჟგანკი ჰყავს. თურქული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, მოქმედი ევროპის ჩემპიონის მეტოქე, ფრანგ - ალექს კლერგესა და ჩეხ - დავიდ კლამეტს შორის გამარჯვებული იქნება.

რაც შეეხება ლაშა ბექაურს, ოლიმპიური ჩემპიონი ასპარეზობას აზერბაიჯანელ - მურად ფატიევთან დაიწყებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლაშა ბექაურს ლუკა მაისურაძესთან შედარებით, საკმაოდ იოლი ბადე შეხვდა.

თუ ქართველები საკუთარი ბადეების მოგებას შეძლებენ და შემდეგ ნახევარფინალური ეტაპის გადალახვას, დიდი შანსია, რომ 2023 წელს უკვე მეოთხედ, 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგეს.

100 კგ

100 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს დროშის ქვეშ - ილია სულამანიძე იჭიდავებს, რომელიც ევროპის ჩემპიონატს ამ წონითი კატეგორიის ლიდერის რანგში ხვდება.

ილო A ბადეში განთესილია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც იგი გერმანელ - ლუის მესა და მოლდოველ - იურიე მოჩანუს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ილია სულამანიძე ამ წონით კატეგორიაში ერთადერთი განთესილი ძიუდოისტია.

ძიუდოს ექსპერტების აზრით, ილია სულამანიძეს ევროპის ჩემპიონობის საუკეთესო შანსი აქვს.

+100 კგ

ტედი რინერის, ტამერლან ბასაევისა და ინალ ტასოევის არ ყოფნაში, ევროპის ჩემპიონობის ერთი-ორად კარგი შანსი აქვს - გურამ თუშიშვილს.

თუშა D ბადეში განთესილია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც მისი მეტოქე, დიდ ბრიტანელ - უესლი გრენიდგესა და გერმანელ - ერიკ აბრამოვს შორის გამარჯვებული იქნება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თუშიშვილს ბადეში ჰყავს, უძლიერესი და ლეგენდარული - ლუკაშ კრპალეკი, რომელიც დიდ ტურნირებზე ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მებრძოლია.

+78 კგ

ქალთა მძიმე წონით კატეგორიაში - სოფიო სომხიშვილი მიიღებს მონაწილეობას, რომელიც A ბადეში განთესილი იქნება და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებს.

სოფიო სომხიშვილის მეტოქე, ხორვატულ-გერმანულ დაპირისპირებაში გაირკვევა, სადაც რენე ლუჩსა და ჰელენა ვუკოვიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

1/4-ფინალში გასვლის შემთხვევაში კი სომხიშვილის მეტოქე, ისრაელის წარმომადგენელი - რაზ ჰერშკო იქნება, რომელიც ამ წონითი კატეგორიის ლიდერია.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:30 საათზე, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები