Belive

ევროპა და კონფერენს ლიგა: ქართველი ლეგიონერების შედეგები მეორე ეტაპზე

4 თვის წინ ქართული სპორტი
3 წთ

უეფას ევროპა და კონფერენს ლიგებზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები შედგა და უკვე გაირკვა ის გუნდები, რომლებიც მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდნენ.

ევროპა ლიგაზე უკრაინულმა დონეცკის შახტარმა პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ბეშიქთაშს უმასპინძლა და საწყის მატჩში 4:3 გამარჯვების შემდეგ, 2:0 მოიგო. ირაკლი აზაროვმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილი მოედანზე 81-ე წუთზე გავიდა. ამ გამარჯვების შემდეგ, უკრაინულმა გუნდმა კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში გამოსვლა გაინაღდა, ხოლო ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბერძნულ პანათინაიკოსს შეხვდება.

კონფერენს ლიგაზე გიორგი მოისწრაფიშვილის სლოვაკურმა სპარტაკ ტრნავამ მალტის ჰიბერნიანთან სტუმრად გამარჯვების შემდეგ 2:1, საშინაო კედლებში 5:1 იმარჯვა და ორმატჩიან დუელში წარმატებას დიდი უპირატესობით მიაღწია. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 21-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო მეორე ტაიმის დაწყებამდე შეცვალეს.

უკრაინულმა ჟიტომირ პოლისიამ ანდორულ სანტა კოლომასთან საწყისი მატჩის წაგების (1:2) შემდეგ, სტუმრად 4:1 იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. გიორგი მაისურაძე ამ მატჩში უკრაინული გუნდის გასახდელში არ გახლდათ. ქართველი მარჯვენა მცველის გუნდი მესამე ეტაპზე უნგრული პაქში იქნება.

ანზორ მექვაბიშვილის რუმინულმა უნივერსიტატეა კრაიოვამ გიორგი გულიაშვილის ბოსნიურ სარაევოსთან სტუმრად 1:2 წაგების შემდეგ, საშინაო კედლებში 4:0 იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ქართველი ცენტრალური ნახევარმცველი მოედანზე 76-ე წუთზე შევიდა.

გიორგი მოისწრაფიშვილის სპარტაკ ტრნავა და ანზორ მექვაბიშვილის უნივერსიტატეა კრაიოვა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს შეხვდებიან. ორივე მათგანი 2023 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდა.

კვიპროსულმა არისმა საშინაო კედლებში უნგრულ პუშკაშ აკადემიას 3:2 მოუგო, საშინაო კედლებში კი კიდევ 2, თანაც უპასუხო გოლი გაუტანა. საწყისი მატჩის მსგავსად, გიორგი ქვილითაიამ გოლის გატანა სტუმრად, უნგრეთშიც მოახერხა და თავის გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლაში დაეხმარა. ქართველმა მატჩში სრულად ითამაშა. კვიპროსული გუნდი შემდეგ ეტაპზე ბერძნულ ათენის აეკს შეხვდება.

ისლანდიურ ვალრუთან საშინაო შეხვედრაში 1:1 ნათამაშები ფრის შემდეგ, თემურ ჩოგაძის და ანტონ თოლორდავას კაუნასის ჟალგირისმა სტუმრად 2:1 იმარჯვა. ლიეტუველების გამარჯვებაში თავისი წვლილი თემურ ჩოგაძემ საწყის ტაიმში გატანილი გოლით შეიტანა და 75 წუთი ითამაშა, ანტონ თოლორდავამ კი მატჩი სრულად ჩაატარა. მათი გუნდის მომდევნო მეტოქე ბულგარული არდა იქნება.

პოლონურ ჩესტეხოვის რაკუვთან სტუმრად 0:3 წაგებული მატჩის შემდეგ, სლოვაკურმა  ჟილინამ საშინაო კედლებში 1:3 წააგო და გათამაშებას ამ სეზონში გამოეთიშა. ახალგაზრდა ქართველმა ცენტრალურმა მცველმა, ალექსანდრე ნარიმანიძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ჩაატარა.

დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილის აზერბაიჯანული ზირა, ხორვატულ სპლიტის ჰაიდუკთან საშინაო ფრის (1:1) შემდეგ, სტუმრად 2:1 წაგების შედეგად ტურნირს ამ სეზონში გამოეთიშა. ორივე ქართველი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე გახლდათ, დავით ვოლკოვი მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა, ხოლო გიორგი პაპუნაშვილი თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო.

სხვა სტატიები