Belive

ექსკლუზიური ინტერვიუ ჯაბა პაპინაშვილთან: "ამ წარმატებას ჩემს შვილს ვუძღვნი..."

2 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

Live.ge 2021 წლის ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებულს - ჯაბა პაპინაშვილს დაუკავშირდა და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

გამარჯობა ჯაბა, პირველ რიგში გილოცავთ ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებას, პირველად მოიგე გრანდ სლემი, როგორი ემოცია იყო ეს შენთვის?! 

გამარჯობა, ნამდვილად დიდი ემოციები მქონდა და ძალიან გამიხარდა ეს წარმატება, რადგან უფროსებში ეს ჩემთვის პირველი ტიტული იყო და პირველივე რომ ბაქოს გრანდ სლემი გამოვიდა, ორმაგად სასიხარულო იყო.

როგორი იყო გზა ბაქოს გრანდ სლემის ჩემპიონობამდე?

თბილისის გრანდ სლემის წინ კორონავირუსი დამიდასტურდა, ამის შემდეგ კი ისე დაემთხვა, რომ ტრავმები მივიღე და 6 თვე გამიცდა. შემდეგ ნელ-ნელა დავიწყე მომზადება, რაშიც ჩემი ძმა ( ძმა - ამირან პაპინაშვილი, ქართველი ძიუდოისტი, 2013 წლის ევროპის ჩემპიონი) დამეხმარა და საკმაოდ მოკლე დროში შევძელი მომზადება. მოკლედ რომ ვთქვათ, ბაქოს გრანდ სლემამდე რთული გზა გავიარე და ამ ყველაფერის შემდეგ ჩემპიონობა ორმაგად სასიამოვნო იყო.

ვის მიუძღვენი ეს გამარჯვება?!

ამ გამარჯვებას ჩემს შვილს ვუძღვნი, რადგან ის ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა და ყველაზე დიდ ძალას მაძლევს.

წლის ბოლოა, რამდენიმე შეჯიბრიღა დარჩა და დაასრულებთ წელს, როგორ შეაფასებდი 2021 წელს და რა გეგმები გაქვთ 2022 წლისთვის

დიახ, ჩემთვის 2021 წელი ძალიან რთული იყო, მეტისმეტად რთული გამოდგა, თუმცა, ბოლოს გამოსწორდა და ეს ძალიან სასიამოვნო იყო. 2022 წელს ვეცდები რომ გამოვასწორო ის, რაც 2021 წელს ვერ შევძელი და ამისთვის ყველაფერს გავიღებ.

თქვენი ძმა, ევროპის ჩემპიონი - ამირან პაპინაშვილია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ კარიერა დაასრულა, როგორ გეხმარებათ თქვენ ეს ფაქტი და რამდენად აისახება ეს თქვენს წარმატებაზე?

რა თქმა უნდა ეს ძალიან მეხმარება, რადგან ამირანი ძალიან გამოცდილი სპორტსმენია და მუდამ სწორ დარიგებებს მაძლევს. ამჯერად იგი მწვრთნელობას მიწევს და ერთად ვემზადებით მომავალი შეჯიბრებებისთვის.   Live.ge წარმატებებს უსურვებს ჯაბა პაპინაშვილს მომავალ შეჯიბრებზე.

სხვა სტატიები