EJU: "თბილისის გრანდ სლემზე ვარსკვლავთცვენა იქნება..."
9 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ევროპული ძიუდოს კავშირი (EJU), მოახლოებულ თბილისის გრანდ სლემზე წერს და აღნიშნავს, რომ 2024 წლის თბილისის გრანდ სლემი განსაკუთრებული იქნება, რადგან ქართულ ტატამებზე ბევრ ვარსკვლავს ვიხილავთ.
IJF მსოფლიო ძიუდოს ტური მიემართება აღმოსავლეთით, ძიუდოს ერთ-ერთ წამყვან ქვეყანა - საქართველოში. თბილისის დედაქალაქი უმასპინძლებს 557 ძიუდოისტს 83 ქვეყნიდან.
"მოდით დავიწყოთ წონების განხილვა, თუმცა იქამდე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის გრანდ სლემზე, საქართველოს ნაკრებს 3 ლიდერი დააკლდება, ესენი არიან 81 კგ-ში ტატო გრიგალაშვილი, 100 კგ-ში ილია სულამანიძე, ხოლო +100 კგ-ში გელა ზაალიშვილი.
დიახ, გელა ზაალიშვილს ამ სიაში ტყუილად ნამდვილად არ ხედავთ, რადგან მან ზედიზედ 3-ჯერ შეძლო თბილისის გრანდ სლემის მოგება.
მოდით შევხედოთ ვინ ემზადება სახლში წარმოდგენისთვის. 60 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას გიორგი სარდალაშვილი დაიცავს, რომელიც მსოფლიოს მეექვსე ნომერია. 66 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი იჭიდავებს, რომელიც ჩვენი ვარაუდით დიდ ბრძოლაში იქნება ახალგაზრდა ევროპის ჩემპიონთან - თენგო ზირაქაშვილთან.
ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებოა 73 კგ წონითი კატეგორია, სადაც ლაშა შავდათუაშვილი მიიღებს მონაწილეობას, პარალელურად კი იაპონიიდან ჩამოვა - სოიჩი ჰაშიმოტო, რომელსაც ლეგენდარული ქართველისთვის რევანში აქვს ასაღები. სწორედ ლაშა შავდათუაშვილმა შეძლო პარიზის გრანდ სლემის ფინალში სოიჩი ჰაშიმოტოს დამარცხება. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ 66 კგ წონითი კატეგორიის ერთ-ერთი ლიდერი, მოლდოველი - დენის ვიერუ, 73 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს. ასევე თვალყური უნდა ვადევნოთ ახალგაზრდა ქართველ - გიორგი ჩიხელიძეს.
საინტერესო ფაქტია 81 კგ წონით კატეგორიაში. ტატო გრიგალაშვილისა და მატიას კასეს არ ყოფნაში, რთულად სავარაუდოა, თუ ვინ შეიძლება მოიგოს ეს წონა. თუმცა, ერთ-ერთი ლიდერი იქნება დიმიტრი გოჩილაიძე, რომელმაც წინა თბილისის გრანდ სლემზე მეხუთე პოზიცია დაიკავა, ხოლო შემდეგ კი ავსტრიის გრან პრიზზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასევე ძალიან საყურადღებოა ზაურ დვალაშვილი, რომელმაც გოჩილაიძის მსგავსად ბრინჯაო მოიგო ავსტრიაში, შემდეგ კი ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. ასევე საყურადღებოა ვლადიმერ ახალკაცი, რომელიც 2018 წლის 23-წლამდელთა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია. ასევე ამ სიას დაემატა კოტე კაპანაძე, რომელმაც 2023 წლის თბილისის გრანდ სლემზე 73 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი - ცენდ-ოჩირ ცონგბაატარი დაამარცხა.
მთელი ძიუდოს სამყარო ელოდება ლაშა ბექაურის ტატამზე დაბრუნებას. მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი შეეცდება, რომ 2023 წელს მოგებული თბილისის გრანდ სლემი დაიცვას და ოქროს მედალს 2024-წელსაც დასჯერდეს. ლუკა მაისურაძის არ ყოფნაში, საქართველოსთვის მეორე ნომერი გიორგი ჯაბნიაშვილი იქნება, რომელმაც 2024 წლის ავსტიის გრან პრიზზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, სადაც უძლიერესი კრისტიან ტოტი დაამარცხა.
ამ წონით კატეგორიაში კიდევ ერთი ქართველი იასპარეზებს, თუმცა იგი პორტუგალიის ნაკრების სახელით - ანრი ეგუტიძე. ის მიიღებს თანაბარ მხარდაჭერას მასპინძელთაგან, ისევე როგორც ნიკოლოზ შერაზადიშვილი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამგზის თბილისის გრანდ სლემის მფლობელი ზაალიშვილი არ იასპარეზებს, თუმცა ტატამზე ვიხილავთ, +100 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანს - გურამ თუშიშვილს.
რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არის ახალგაზრდა თაობა, რომელსაც შეუძლია პოდიუმზე დგომა, მათ შორის არიან საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი.
მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან საინტერესო თბილისის გრანდ სლემი გველოდება, რომელზეც ვარსკვლავთცვენა იქნება.,," - ევროპული ძიუდოს კავშირი
შეგახსენებთ, რომ 22-24 მარტს, დედაქალაქი თბილისი, თბილისის გრანდ სლემს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები 43 სპორტსმენით, კერძოდ კი 28 მამაკაცითა და 15 ქალით იასპარეზებს.