Belive

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი - დღე III: 3 სპორტსმენის იმედად (პრევიუ)

2 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
6-13 ივნისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება, სადაც საქართველოს სახელით 14 სპორტსმენი ასპარეზობს. დღეს, 7 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის II საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების სახელით 3 სპორტსმენმა ისპარეზა და სამივე პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა ასპარეზობას: ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ); მარიამ ჯანაშვილი და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (-52 კგ). მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრების ღირსებას 3 სპორტსმენი დაიცავს.

-73 კგ

-73 კგ წონით კატეგორიაში 2 წარმომადგენელი გვეყოლება: ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებული - ლაშა შავდათუაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი. განთესილი არცერთი ქართველი არ იქნება და შესაბამისად ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვებიან. ნუგზარ ტატალაშვილის მეტოქე, ბელარუსის წარმომადგენელი - ვაძიმ შოკა იქნება. გამარჯვების შემთხვევაში კი ფარეს ბადავისა და რუმინეთის წარმომადგენელ - ადრიან სულკას შორის გამარჯვებულს შეხვდება. ნუგზარ ტატალაშვილი B ბადეში იასპარეზებს. რაც შეეხება ოლიმპიურ ჩემპიონ - ლაშა შავდათუაშვილს, ლაშა C ბადეში იასპარეზებს და მისი მეტოქე პირველ ეტაპზე, პერუს წარმომადგენელი - ალონსო უონგი იქნება. პერუელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში, შავდათუაშვილი ალჟირელ - ფეტი ნოურინსა და ბრაზილიელ - ედუარდო ბარბოსას შორის გამარჯვებულს შეხვდება. თუ კი 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ბადეს წარმატებით გაივლის და ბოლო ეტაპამდე მივა, ბადის გამარჯვებული მასსა და მონღოლ - ცონგბაატარ ცენდ-ოჩირს შორის გაირკვევა, რომელიც ამ ბადის მთავარ ფავორიტად მიიჩნევა.

-57 კგ

-57 კგ წონით კატეგორიაში ერთადერთი წარმომადგენელი, ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონი - ეთერ ლიპარტელიანი გვყავს. ლიპარტელიანი განთესილი არ იქნება, შესაბამისად ასპარეზობას პირველი რაუნდიდან დაიწყებს. ეთერ ლიპარტელიანის მეტოქე ჩეხი - ვერა ზემანოვა იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი ბელგიელ - მინა ლიბეერს დაუპირისპირდება. იმ შემთხვევაში თუ ლიპარტელიანი ბელგიელ მეტოქეს დაამარცხებს, 1/8 ფინალში მისი მეტოქე მსოფლიო ჩემპიონი, იაპონელი - მომო ტამაოკი იქნება, რომელიც ამ წონის მთავარ ფავორიტად მიიჩნევა. წინასწარი შეხვედრები 12:00, ხოლო ფინალური ბლოკი კი 19:00 საათიდან დაიწყება.

სხვა სტატიები