Belive

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი: დღე III - ტატამზე 5 ქართველი გამოვა | პრევიუ

2 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
ხვალ, 1 მაისს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, სტარტს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე აიღებს, სადაც საქართველოს დროშის ქვეშ 5 სპორტსმენი იჭიდავებს. ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა ერთი, ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. ოქროს მედალს -81 კგ წონით კატეგორიაში, ტატო გრიგალაშვილი დაეუფლა და 22 წლის ასაკში, ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული მეორედ გახდა.

-90 კგ

-90 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას ლუკა მაისურაძე დაიცავს. ლუკა A ბადეში განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მას ესტონელი მეტოქე - კლენ კრისტორეფ კანიულაიდი ეყოლება. ესტონური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ლუკა მაისურაძის მეტოქე, მოლდოველ - იური მოკანუსა და სლოვაკ - პეტერ ზილკას შორის გამარჯვებული იქნება. ლუკა მაისურაძეს ბადეში ძლიერი და გამოცდილი ნიდერლანდელი მეტოქე, ნოელ ვან ტენდი ჰყავს.

-100 კგ

-100 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების სახელით 2 სპორტსმენი იჭიდავებს. ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე, ორივე განთესილები იქნებიან, შესაბამისად ასპარეზობას პირდაპირ 1/8 ფინალიდან დაიწყებენ. ვარლამ ლიპარტელიანი B ბადეში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მისი მეტოქე, გერმანელ - კარლ-რიჩარდ ფრეისა და დანიელ - მატიას მადსენს შორის გამარჯვებული იქნება. 1/4 ფინალში გასვლის შემთხვევაში კი ვარლამის მეტოქე, სერბი - ალექსანდრ კუკოლი იქნება. რაც შეეხება ილია სულამანიძეს, ილია მეოთხე ბადეშია განთესილი და მისი მეტოქე, აზერბაიჯანელ - ელმარ გასიმოვსა და ფრანგ - სედრიკ ოლივარს შორის გამარჯვებული იქნება. 1/4 ფინალში გასვლის შემთხვევაში კი ნიდერლანდელ - მიშელ კორელს შეხვდება.

+100 კგ

+100 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრებს გურამ თუშიშვილი გაუძღვება. თუშიშვილი განთესილია და ეგრევე 1/8 ფინალიდან იწყებს ასპარეზობას, სადაც მისი მეტოქე, გერმანელი - ლოსენი კონე იქნება. 1/4 ფინალში გასვლის შემთხვევაში კი, ნიდერლანდელ - როი მეიერს დაუპირისპირდება. ძიუდოს ექსპერტების აზრით, +100 კგ წონითი კატეგორიის მთავარი ფავორიტი, სწორედ ქართველი ფალავანი - გურამ თუშიშვილია.

+78 კგ

ქალთა ძიუდოში, მძიმე წონით კატეგორიაში (+78 კგ), საქართველოს ნაკრების ღირსებას - სოფიო სომხიშვილი დაიცავს. სოფიო ასპარეზობას 1/8 ფინალიდან იწყებს, სადაც მისი მეტოქე, ნიდერლანდელი - მარიტ კამპსი იქნება. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00, ხოლო ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები