Belive

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი: დღე II - ტატამზე შავდათუაშვილი და გრიგალაშვილი გამოვლენ | პრევიუ

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
ხვალ, 230 აპრილს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, სტარტს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე აიღებს, სადაც საქართველოს დროშის ქვეშ 2 სპორტსმენი იჭიდავებს. ევროპის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების 2 მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, თუმცა მხოლოდ ერთ, ბრინჯაოს მედალს დავსჯერდით, რომელიც ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა. ამ მედლით, ეთერ ლიპარტელიანი ქართული ძიუდოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერება. იგი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მედლის მოპოვება შეძლო.

-73 კგ

-73 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი - ლაშა შავდათუაშვილი დაიცავს. ლაშა განთესილი იქნება და A ბადეში მეორე შეხვედრიდან დაიწყებს ასპარეზობას, სადაც მისი მეტოქე, ალბანელი - ინდრიტ კულაჰი იქნება. ალბენელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში კი შავდათუაშვილი 1/8 ფინალში გავა, სადაც მეტოქედ, იტალიელ - ჯოვანი ესპოსიტოსა და სლოვენიელ - იუს მეკილოსეკს შორის გამარჯვებული შეხვდება. ლაშა შავდათუაშვილი შეჯიბრის პირველ ნომრად არის განთესილი და ნახევარფინალამდე მისვლა საკმაოდ მარტივად შეუძლია. ექსპერტების აზრით, ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტია.

-81 კგ

რაც შეეხება -81 კგ წონით კატეგორიას, ამ წონაში საქართველოს დროშის ქვეშ - ტატო გრიგალაშვილი იჭიდავებს. ტატო C ბადეში განთსილია, შესაბამისად ასპარეზობიდან მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და პირველ ბრძოლას, ფინელ - ოსკარ მაკინენთან გამართავს. ფინური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, გრიგალაშვილის მეტოქე, გერმანელ - ტიმ გრამკოვსა და ბულგარელ - აშოტ კამოევიჩ მარტიროსიანს შორის გამარჯვებული იქნება. ექსპერტების აზრით, ტატო გრიგალაშვილს შესწევს იმის ძალა, რომ მან ევროპის ჩემპიონატი 2022 წელს მეორედ მოიგოს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტატო გრიგალაშვილი, რომელიც წონის მეორე ნომერია, ფინალამდე არ შეხვდება წონის პირველ ნომერს, ბელგიელ - მატიას კასეს. შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონობა 2020 წელს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, 20 წლის ასაკში მოიპოვა. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 10:30, ხოლო ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე დაიწყება.

 

სხვა სტატიები