Belive

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი: დასკვნითი დღე - ტატამზე 6 ქართველს ვიხილავთ

7 თვის წინ ქართული სპორტი
4 წთ

2024 წლის ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე დასრულებულია.

პირველი საშეჯიბრო დღე კი ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებული გამოდგა -ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი, ხოლო ლაშა შავდათუაშვილმა კი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

2 საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალია, წინ კი განსაკუთრებული, მესამე საშეჯიბრო დღეა, სადაც ტატამზე ქართველ ვარსკვლავებს ვიხილავთ.

90 კგ

90 კგ წონაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას 2 სპორტსმენი, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი - ლაშა ბექაური და გიორგი ჯაბნიაშვილი დაიცავენ.

ლაშა ბექაური A ბადეში განთესილია, შესაბამისად ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც მისი მეტოქე, უნგრელი - როლანდ გოზი იქნება. უნგრული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, ოლიმპიური ჩემპიონი 1/8-ფინალში, ბელგიელ - სამი ჩოუჩისა და ბოსნიელ - ტონი მილეტიჩს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლაშა ბექაურს ბადეში წარმოშობით ქართველი, ესპანეთის სახელით მოასპარეზე - ტატო (ტრისტან) მოსახლიშვილი ჰყავს.

რაც შეეხება გიორგი ჯაბნიაშვილს, 20 წლის ახალგაზრდა ქართველი D ბადეში განუთესავია, შესაბამისად ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან იწყებს, სადაც რუმინელ - ვლად ვისანს შეერკინება. რუმინული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, მისი მეტოქე, ხორვატი - ლოვრე მრკოვიჩი იქნება.

100 კგ

100 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას - ილია სულამანიძე დაიცავს, რომელიც ამ წონითი კატეგორიის პირველი ნომერია.

ილია სულამანიძე განთესილია და ასპარეზობას პირდაპირ 1/8-ფინალიდან იწყებს, სადაც მისი მეტოქე, წარმოშობით ქართველ, გერმანიის სახელით მოასპარეზე - გიორგი უძლიაურსა და ბელგიელ - ტომა ნიკიფოროვს შორის გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ქართველი მებრძოლი, ევროპის ჩემპიონატის მოქმედი ვიცე-ჩემპიონია.

+100 კგ

მძიმე წონით კატეგორიაში, საქართველოს დროშის ქვეშ 2 სპორტსმენი - გურამ თუშიშვილი და საბა ინანეიშვილი იასპარეზებენ.

საბა ინანეიშვილი A ბადეში განუთესავია, შესაბამისად ასპარეზობას პირველივე რაუნდიდან იწყებს და მისი მეტოქე, ნიდერლანდელი - იურ სპაიკერსი იქნება. ნიდერლანდური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, საბა ინანეიშვილი, სლოვენიელ - ენეი მარინიჩსა და სერბ - იგორ ვრაკარს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება გურამ თუშიშვილს, თუშა C ბადეში ერთადერთი განთესილი ფალავანია, რომელიც ასპარეზობას მეორე რაუნდიდან იწყებს და მისი მეტოქე, პოლონელ - კასპერ სჟუროვსკისა და ავსტრიის სახელით მოასპარეზე - მოვლი ბორჩაშვილს შორის გამარჯვებული იქნება.

ძიუდოს ექსპერტების აზრით, გურამ თუშიშვილს 1/2-ფინალამდე მისვლა არ უნდა გაუჭირდეს, ნახევარფინალში კი მისი სავარაუდო მეტოქე, ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე - ტამერლან ბაშაევი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალური დაპირისპირება გაიმართება.

+78 კგ

ქალთა მძიმე წონაშიც ერთი წარმომადგენელი გვეყოლება და იგი სოფიო სომხიშვილია.

სამწუხაროდ, სოფიო განთესილი არ არის და C ბადეში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება ასპარეზობაში, სადაც ლიეტუველ - სანდრა იაბლონსკაიტს შეხვდება.

იმ შემთხვევაში თუ სოფიო შეძლებს და ლიეტუვურ ბარიერს დაძლევს, იგი უძლიერეს ფრანგ, იულია ტოლოფუას დაუპირისპირდება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30, ხოლო ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები