Belive

დოჰას მასტერსი - დღე II: ოლიმპიური ჩემპიონისა და ახალგაზრდების იმედად (პრევიუ)

3 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
11 იანვარს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში, ძიუდოში, 2021 წლის პირველი საერთაშორისო ტურნირი - დოჰას მასტერსი დაიწყო, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 15 სპორტსმენი ასპარეზობს. პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების სახელით 6 სპორტსმენი ასპარეზობდა, საიდანაც მედლით თავი მხოლოდ -66 კგ წონით კატეგორიაში გამოვიჩინეთ. ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 12 იანვარს კი ყატარის მასტერსზე 3 ქართველი სპორტსმენი წარსდგება: -73 კგ წონით კატეგორიაში - ლაშა შავდათუაშვილი, -81 კგ წონით კატეგორიაში კი - ლუკა მაისურაძე და ტატო გრიგალაშვილი.

-73 კგ

ყატარის მასტერსზე, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ეს წონა ერთადერთია, სადაც მხოლოდ ერთი წარმომადგენელი გვყავს. -73 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა შავდათუაშვილი წარმოადგენს, რომელიც B ბადეში მოხვდა და განთესილი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება. ლაშას მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი - ტოჰარ ბუტბული იქნება. თუ ლაშამ შეძლო გამარჯვება, მისი მეტოქე მეორე ეტაპზე მოლდოველ - ვიქტორ სტერპუსა და ტაჯიკ - ბეჰუზი ხოიაზოდას შორის გამარჯვებული იქნება.

-81 კგ

-81 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების სახელით ოქროს მედალს 2 ფალავანი შეუტავს: ლუკა მაისურაძე და ტატო გრიგალაშვილი. ეს ტურნირი ორივესთვის ფრიად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ ორ ძიუდოისტიდან ერთ-ერთი იასპარეზებს 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე. ორივე ქართველი განთესილი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ასპარეზობაში მეორე რაუნდიდან ჩაერთვებიან. ტატო გრიგალაშვილის მეტოქე უნგრელი - ატილა უნგვარი იქნება, რომელსაც ტატო კარგად იცნობს და ბევრჯერ შეხვედრია. უნგრელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში, მოქმედი ევროპის ჩემპიონი გრიგალაშვილი, ბრაზილიელ - ედუარდო სანტოსსა და იტალიელ - ანტონიო ესპოსიტოს შორის გამარჯვებული იქნება. რაც შეეხება ლუკა მაისურაძეს, ლუკაც განთესილია და იგი მეორე რაუნდში წარმოშობით ირანელ, მონღოლეთის სახელით მოასპარეზე მსოფლიო ჩემპიონს - საიდ მოლაის დაუპირისპირდება. ბოლოს საიდ მოლაი და ლუკა მაისურაძე 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდნენ, სადაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ლუკა მაისურაძემ დაამარცხა. საიდ მოლაის დამარცხების შემთხვევაში ლუკა მაისურაძე ეგვიპტელ - აბდელრაჰმან მოჰამედსა და წარმოშობით ქართველ, ავსტრალიის სახელით მოასპარეზე - შამილ ბორჩაშვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ხოლო ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები