Belive

დიუსელდორფის გრანდ სლემი ბოლო - მესამე დღე: მედლების მოლოდინში (პრევიუ)

5 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
ხვალ, 24 თებერვალს, გერმანიაში კერძოდ კი დიუსელდორფში, სტარტს აიღებს 2019 წლის რიგით მეორე გრანდ სლემის ბოლო - საფინალო დღე. დიუსელდორფის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 11 სპორტსმენი იყო, თუმცა ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს 2 ფალავანი: ვაჟა მარგველაშვილი და გიორგი პაპუნაშვილი გამოაკლდა. ხვალ, ბოლო საშეჯიბრო დღეს, მამაკაცებში -90, -100  და +100 , ხოლო ქალებში -78 და +78 კილოგრამ წონით კატეგორიები იასპარეზებენ.

-90 კგ

-90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს სახელით მსოფლიოს ჩემპიონი - ავთანდილ ჭრიკიშვილი იასპარეზებს. ავთანდილ ჭრიკიშვილი  შეჯიბრში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე რუსი - მიხაილ იგოლნიკოვი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, ავთანდილის შემდეგი მეტოქე ფრანგ - ლოიკ პიეტრსა და პოლონელ - რაფალ კოზლოვსკის შორის გამარჯვებული იქნება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში უნდა ეჭიდავა გიორგი პაპუნაშვილს, თუმცა მან ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო და დიუსელდორფის გრანდ სლემზე ასპარეზობა ვერ შეძლო.

-100 კგ

-100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს სახელით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი - ვარლამ ლიპარტელიანი და  ლაშა ტაველური იასპარეზებენ. ვარლამი შეჯიბრში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე გერმანელ - ფილიპ გალანდსა და ბულგარელ - დანიელ დიჩელს შორის გამარჯვებული იქნება. რაც შეეხება ლაშა ტაველურს, ლაშა პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება შეჯიბრში და მისი მეტოქე ლატვიელი - ევგენის ბოროდავკო იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, მისი მეტოქე მეორე ეტაპზე ბრაზილიელ - რაფაელ ბუზაკარინისა და ჩეხ - მიშალ ჰორაკს შორის გამარჯვებული იქნება. უნდა ავღნიშნოთ, რომ ამ წონით (-100) ლიდერი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი - ვარლამ ლიპარტელიანია.

+100 კგ

+100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს სახელით,  -ონისე ბუღაძე და  ლევან მატიაშვილი იასპარეზებენ. ონისე ბუღაძე შეჯიბრში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ყირგიზი - იური კრაკოვეცკი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში ონისე უძლეველ იაპონელს - ჰისაიოში ჰარასავას დაუპირისპირდება. რაც შეეხება ლევან მატიაშვილს, ლევანი შეჯიბრში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ამ წონის ერთ-ერთი ლიდერი, ბრაზილიელი - რაფაელ სილვა იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, ლევანი მესამე ეტაპზე იაპონელ - იუსი ოგავასა და ტუნისელ - ფეისელ ჯაბალაჰს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. დიუსელდორფის გრანდ სლემის ფინალური დღე სტარტს ხვალ, თბილისის დროით 11:30 საათზე აიღებს, ხოლო ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება. Live.ge წარმატებას უსურვებს ქართველ ძიუდოისტებს.  

სხვა სტატიები