ჩვენი მეტოქე: ყველაფერი საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების შესახებ
უეფას ევროპის 2025 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრების მეტოქე საფრანგეთი იქნება. ამ სტატიაში, ახალგაზრდულ დონეზე ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან და წარმატებულ ნაკრებს უკეთ გაგაცნობთ, რომელიც 14 ივნისს, ჟილინაში რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე იქნება.
ისტორია
ევროპაში 21-წლამდელთა შორის საფეხბურთო ჩემპიონატი 1978 წელს ჩატარდა და შესაბამისად, ოფიციალური ხასიათის ახალგაზრდული გუნდებიც 1970-იანი წლების მეორე ნახევრიდან ფორმირდება. მათ შორის არის ჩვენი მომდევნო მეტოქეც, რომლის თანამედროვე ფორმის არსებობაც 1976 წლიდან იწყება, მაგრამ არაოფიციალურ ტურნირებსა და მატჩებში გუნდი 1950-იანი წლებიდან იღებს მონაწილეობას. 1950 წელს დაარსებულმა ახალგაზრდულმა გუნდმა სახელით ლე ესპუარი, სადებიუტო მატჩში ინგლისელ მეტოქეს 7:1 აჯობა. ოფიციალური ტურნირების დაწყებამდე, გუნდს რამდენიმე ამხანაგური მატჩი აქვს ჩატარებული.
1988 წელს გუნდმა ევროპის ჩემპიონატის მოგება მოახერხა, ამ სადებიუტო ტრიუმფის შემდეგ, გუნდს ტიტული აღარ მოუგია, სამაგიეროდ საპრიზო ადგილებზე გასვლა შეძლო. საწყისი ორი გათამაშების გამოტოვების შემდეგ, საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი 1982 წელს ჰქონდა და მას შემდეგ მიჯრით სამ გათამაშებაში მეოთხედფინალში ითამაშა, ამას ჩემპიონობა, მერე კი კიდევ ორი ტურნირის მიღმა დარჩენა მოჰყვა.
1988 წლის ტრიუმფში ისეთი ფეხბურთელები მონაწილეობდნენ, რომლებიც მთავარ გუნდში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდნენ და წარმატებული კარიერა ჰქონდათ, მათ შორის ლორან ბლანი, ერიკ კანტონა, ფრანკ საუზე და ჟოსლინ ანგლომა.
ტურნირზე დაბრუნება საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრებმა 1994 წელს, მასპინძლის სტატუსით შეძლო, სადაც მეოთხე ადგილი დაიკავა, ორ წელიწადში, ესპანეთში გამართულ ტურნირზე მათ შედეგი მინიმალურად გააუმჯობესეს და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ, შემდეგ კი კიდევ ორი ტურნირი გამოტოვეს.
21-ე საუკუნეში სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრებისთვის 2002 წელს, შვეიცარიაში შედგა, სადაც ჩეხეთთან ფინალური მატჩი დათმეს, ორ წელიწადში, გერმანულ ევროპის ჩემპიონატზე მათ მონაწილეობა ვერ მიიღეს, ხოლო 2006 წელს, პორტუგალიაში კვლავ ნახევარფინალში გააღწიეს და ფინალის საგზური მომავალ ჩემპიონ ნიდერლანდებს დაუთმეს.
2006 წლიდან 2019 წლამდე ფრანგებისთვის ყველაზე უცნაური პერიოდი იწყება, იმის ფონზე, რომ ამ პერიოდში მთავარმა გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, ახალგაზრდებს ფინალურ ტურნირზე ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი გაუცდათ.
იტალიაში გუნდი ტურნირს დაუბრუნდა და ნახევარფინალი ევროპის მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან დათმო.
ჯერ 2021 წელს უნგრეთსა და სლოვენიაში, შემდეგ კი საქართველოსა და რუმინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალში ითამაშა.
არსებობის ისტორიაში, საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 25 ჩემპიონატიდან 11-ში ითამაშა, საიდანაც ორ ფინალში მიიღო მონაწილეობა, 1988 წელს ოქროს, 2002 წელს კი ვერცხლის მედლებს დაეუფლა, მესამე ადგილზე კი გუნდი 1996 წელს გავიდა.

გზა ევროპის 2025 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატისკენ
ჩვენს მომავალ მეტოქეს ევროპის ჩემპიონატამდე მისასვლელ გზაზე შესარჩევი ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე სლოვენიის, ავსტრიის, კვიპროსისა და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრებებთან შეხვედრა მოუხდა. ჯგუფში საფრანგეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა 5 მატჩი მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 2 წააგო, ორივე მათგანი ავსტრიასთან, რამაც მათ ჯგუფის გამარჯვებულ სლოვენიასთან მინიმალური სხვაობით ჩამორჩენა შეუქმნა და მეორე ადგილი დაიკავა.
მიუხედავად 16 ქულისა ჩვენი მეტოქე მესამეადგილოსნებს შორის მეორე საუკეთესო გუნდი გახდა და ტურნირის ფინალური ეტაპის საგზური პირდაპირ, გადათამაშების გარეშე მოიპოვა.
მომზადება ევროპის 2025 წლის ჩემპიონატისთვის
შესარჩევი ეტაპის შემდეგ, გუნდმა 5 ამხანაგური მატჩი ჩაატარა და არცერთი წაუგია: იტალიასა და გერმანიასთან ფრე იდენტური ანგარიშით (2:2) და გამარჯვება ინგლისის (5:3), სლოვაკეთის (4:0) და უზბეკეთის (2:1) ნაკრებებთან.
საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატისთვის
მეკარეები: ობედ ნკამბადიო (პარიზი), გილერმე რესტესი (ტულუზა), რობინ რისე (რედ სტარი);
მცველები: კასტელო ლუკება (ლაიპციგი), კრისტიან მატსიმა (მონაკო), კილიან სილდილია (ფრაიბურგი), კრისტიან მავისა (მონაკო), ნათან ზეზე (ნანტი), ისმაელ დუკურე (სტრასბურგი);
ნახევარმცველები: კვენტინ მერლინი (მარსელი), ლუსიენ აგუმე (სევილია), იოჰან ლეპენანი (ლიონი), ვილსონ ოდობერი (ტოტენჰემი), ლოუმ ჩაუნა (ლაციო), ნოა ედჯუმა (ტულუზა), ჟან-მატეო ბაოია (ფრანკფურტის აინტრახტი), სუნგუტუ მაგასა (მონაკო), ჯაუი სისე (რენი), ანდი დიუფი (ლანსი), ფელიქს ლემარეშალი (სტრასბურგი);
თავდამსხმელები: მატის ტელი (ტოტენჰემი), მატის ალბინე (რენი), ტიერნო ბარი (ვილიარეალი);

მთავარი მწვრთნელი
ჟერარ ბატიკლი გამოცდილი მწვრთნელია, რომელიც ამ საქმიანობას 2004 წელს, ფეხბურთელის კარიერის შეწყვეტის შემდეგ პირდაპირ შეუდგა.
სამუშაო გამოცდილება:
ოსერის 19-წლამდელთა გუნდი: მთავარი მწვრთნელი;
ბრესტი: მთავარი მწვრთნელი და სპორტული დირექტორი;
ლიონი: მთავარი მწვრთნელის ასისტენტი (ბრუნო ჟენესიო, რემი გრანდე, რუდი გარსია ჰულბერტ ფურნიე, სილვინიო);
ანჟერი: მთავარი მწვრთნელი;
საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრები: ტიერი ანრის ასისტენტი და შემდეგ მთავარი მწვრთნელი;
ლიონში 10-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე სპეციალისტი სანაკრებო საქმიანობაში ტიერი ანრის ასისტენტის როლში, 2003 წელს ჩაერთო, ჯერ ტიერი ანრის ასისტენტის რანგში დაიწყო, 2024 წლის აგვისტოდან კი ჟერარდ ბატიკლი გუნდის მთავარი მწვრთნელია და ევროპის ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა.
გუნდის ჩაბარების შემდეგ, ჟერარდ ბატიკლმა 10 მატჩიდან 5 მოიგო, 4 ფრედ ითამაშა და ერთადერთი წააგო, ავსტრიის ნაკრებთან საკვალიფიკაციო ეტაპზე. ყველაზე ხშირად, მისი გაწვრთნილი გუნდი 4-2-3-1 სათამაშო ფორმაციით თამაშობს.
ურთიერთშეხვედრები
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს აქამდე მეტოქესთან სამი მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან ორი ოფიციალური, ერთიც ამხანაგური, ყველა მათგანი ფრანგებმა მოიგეს.
2016 წელს მეტოქემ საშინაო კედლებში ამხანაგური მატჩი 5:1 მოიგო, ჩვენი გუნდის მხრიდან გოლის გატანა გიორგი ხარაიშვილმა შეძლო. 2019 წელს, კვლავ სტუმრად ჩატარებული მატჩი 3:2 დასრულდა, საქართველოს ნაკრების მაისურით გოლები გიორგი კოხრეიძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანეს. 2020 წელს გორში, სტუმრებმა 2:0 მოიგეს.

ვილი სანიოლი
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი კარიერის საწყის ეტაპზე თავისი სამშობლოს ნაკრებში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. მთავარი ნაკრების ტექნიკური დირექტორობის და 20-წლამდელთა ნაკრების ერთ მატჩში ხელმძღვანელობის შემდეგ, სანიოლს 21-წლამდელთა ნაკრები ანდეს და მას 8 მატჩში უხელმძღვანელა. მნიშვნელოვანია, რომ ვილი სანიოლს ამ პოზიციაზე მატჩი არ წაუგია: 2 ფრე და ყველა სხვა მატჩში გამარჯვება. მისი გათავისუფლების შემდეგ, რაც საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება გამოდგა, საფრანგეთის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფი შვედეთთან დათმო და ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდა.
ამის შემდეგ, ვილი სანიოლმა ბორდოსა და მიუნხენის ბაიერნში იმუშავა და 2021 წელს საქართველოს ნაკრებში ისტორიის წერა დაიწყო.
