Belive

ჩვენი მეტოქე: სტატისტიკა, ისტორია და მნიშვნელოვანი ამბები თურქეთის ნაკრების შესახებ

3 თვის წინ ქართული სპორტი
8 წთ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის ტურში, საქართველოს ნაკრები კარგად ნაცნობ, მეზობელ მეტოქეს შეხვდება. თურქეთის ნაკრებზე, რომელსაც ჩვენი გუნდი 4 სექტემბერს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე უმასპინძლებს, ამ სტატიაში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.

დაარსება: 1923

თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია: 1923 წლის 23 აპრილს დაარსდა

ფიფას წევრი: 1923 წლიდან

უეფას წევრი: 1962 წლიდან

პრეზიდენტი: იბრაჰიმ ჰაჯიოსმანოღლუ

ფიფას რეიტინგი: 27 (2025 წლის 10 ივლისი)

უმაღლესი რეიტინგი: 5 (2004 წლის ივნისის მონაცემებით)

ყველაზე დაბალი შედეგი რეიტინგში: 67 (1993 წლის ოქტომბრის მონაცემებით)

საშინაო არენა: განსხვავებული სტადიონები

მეტსახელი: ჩვენი ბიჭები

მთავარი მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

კაპიტანი: ჰაკან ჩალჰანოღლუ

სტატისტიკა

პირველი მატჩი: თურქეთი - რუმინეთი 2:2

ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: თურქეთი - სირია 7:0; თურქეთი - სამხრეთ კორეა 7:0; თურქეთი - სან მარინო 7:0;

ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება: პოლონეთი - თურქეთი 8:0; თურქეთი - ინგლისი 0:8; ინგლისი - თურქეთი 8:0;

ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: რუშთუ რექბერი: (120)

ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: ჰაკან შუქური (51)

მონაწილეობა მსოფლიოს ჩემპიონატზე: 2 (პირველად: 1954 წელს, საუკეთესო შედეგი: მესამე ადგილი, 2008 წელს)

მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე: 6 (პირველად: 1996 წელს, საუკეთესო შედეგი: ნახევარფინალი, მესამე ადგილი, 2002 წელს)

მონაწილეობა კონფედერაციის თასზე: 1 (2003 წელს და მესამე ადგილი)

მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებზე: 6 (პირველად 1924 წელს, საუკეთესო შედეგი: მეოთხედფინალი 1948 და 1952 წლის გათამაშებაში);

ისტორია

თურქეთის ნაკრების ისტორია 1920-იანი წლებიდან, ქვეყანაში განვითარებული სიახლეების პარალელურად იწყება. 1923 წელს, ისტორიაში პირველი მატჩის გამართვიდან ერთი წლის შემდეგ, მათ ოლიმპიური თამაშების კარი შეაღეს და ამ ტურნირზე შემდეგში კიდევ 5-ჯერ მოახერხეს მონაწილეობა, საიდანაც ორჯერ მეოთხედფინალშიც გავიდნენ.

კონტინენტური მასშტაბის უდიდეს გათამაშებაში ეს თურქეთის ნაკრების რიგით მეექვსე გამოსვლა იქნება, მუნდიალზე თამაშს კი გემო ორჯერ გაუგეს და იქიდან ბრინჯაოს მედალიც წამოიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ 1950 წელს, თურქეთის ნაკრებმა მსოფლიოს უდიდესი საფეხბურთო ფორუმის საგზურის მოპოვება შეძლო, ფინანსურმა მხარემ გუნდს ტურნირზე გამგზავრების საშუალება არ მისცა და ეს ამბავი 4 წლის ვადით გადაიდო. სადებიუტო მუნდიალზე მათ ჯგუფური ეტაპის ბარიერი ვერ გადალახეს.

1950-იანი წლების მიწურულს, ევროპაში, საკლუბო ტურნირების ფორმირება დაიწყო და იქ თავის წარმოჩენა, თანაც საკმაოდ მაღალ დონეზე, თურქულმა გუნდებმაც მოახერხეს, მაგრამ სანაკრებო დონეზე თაობათა ცვლის ფაზა რთული აღმოჩნდა და 1970-იანი წლებამდე ხელშესახები შედეგის დაფიქსირება ძნელდებოდა.

1970-იან წლებში, თურქეთის ნაკრები მებრძოლი ყაიდის გუნდად ჩამოყალიბდა, რომელსაც საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებში არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება თუ მცირე მასშტაბის წარმატება დაუგროვდა, მაგრამ ფინალურ ეტაპამდე მიღწევა, ქულათა ნაკლებობის გამო, მაინც ვერ ხერხდებოდა.

ყველაზე ახლოს, დიდ ტურნირზე დაბრუნებასთან თურქეთის ნაკრები 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დროს იყო, როდესაც, შესარჩევი ფაზის დასკვნით მატჩამდე ჩვენი მეზობლები მუნდიალის საგზურთან ისევ ახლოს იყვნენ.

რეალურად, გარდამტეხი მომენტი თურქული სანაკრებო ფეხბურთის ისტორიაში 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან დგება, როცა ქვეყანაში საფეხბურთო ბუმი იწყება და ახალი თაობა დიდი ტურნირების კარის შეღებას, შემდეგ კი იქ თამაშს მიჯრით რამდენჯერმე ახერხებს.

ჯერ, 1996 წლის ევროპის ჩემპიონატია ის პირველი დიდი ტურნირი, რომელზე კვალიფიცირებასაც თურქეთის ნაკრები ახერხებს. მათი ევროპულ ტურნირზე გასვლა 42-წლიანი ლოდინის დასასრულია და შვეიცარიული მუნდიალის შემდეგ პირველი დიდი შეჯიბრის კარიც სწორედ ამ წლიდან იხსნება. ალბიონურ ევროპირველობას, 4 წლის შემდეგ ბელგია-ნიდერლანდებში გამგზავრება და ახლა უკვე მეოთხედფინალის საგზურის მოპოვება მოჰყვა. 2002 წელს მზარდი გეომეტრიული პროგრესია ჯერ მუნდიალზე 48 წლის შემდეგ დაბრუნებით, შემდეგ კი საერთოდ, მესამე ადგილის დაკავებითა და ბრინჯაოს მედლის დაუფლებით დაგვირგვინდა.

ამ წარმატებამ თურქეთის ნაკრებს ახალი სტატუსი, თავდაჯერება, მეტოქეებს კი მეტი რიდი და მოწიწება შემატა. ამის შემდეგ, თურქეთის ნაკრები, პრაქტიკულად ყველა ევროშესარჩევ ჯგუფში ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება და სტაბილურად ახერხებს, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვოს. 1996 წლიდან დღემდე, მხოლოდ 2004 და 2012 წლების ევროპის ჩემპიონატმა ჩაიარა თურქეთის ნაკრების გარეშე, აი 2008-ში კი გუნდმა საერთოდ ნახევარფინალში ითამაშა.

21-ე საუკუნის პირველი 2 ათწლეული თურქული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ხანა გამოდგა. დღესდღეობით, მატჩში ჩვენი მეტოქე აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდად მიიჩნევა

Turkey Euro 2024 squad Players of Turkiye pose for a team photograph prior to the UEFA EURO 2024 round of 16 match between Austria and Turkiye at Football Stadium Leipzig on July 02, 2024 in Leipzig, Germany. (Photo by Stu Forster/Getty Images)

შემადგენლობა

თურქეთის ნაკრებს არსებობის ისტორიაში, უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს. ამჟამად, გუნდის ფეხბრუთელების უმეტესობა სწორედ ევროპის ტოპ ჩემპიონატებში თამაშობს.

მნიშვნელოვანია, რომ სანაკრებო სიაში გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ნაზავია, რაც მშვენიერ სინთეზს ქმნის. ახალგაზრდა ტალანტებისა და გამოცდილი, მაღალ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელების ბალანსით, ნაკრების საშუალო ასაკი 26.4 წელია.

იმ ტოპ გუნდების ჩამონათვალი, რომელშიც თურქეთის ნაკრების ფეხბურთელები თამაშობენ, ასეთია: მადრიდის რეალი, ტურინის იუვენტუსი, მანჩესტერ იუნაიტედი, მილანის ინტერი, დორტმუნდის ბორუსია, რომა, ფრანკფურტის აინტრახტი, პორტუ და რა თქმა უნდა, თავად თურქული გრანდები.

მწვრთნელი

ვინჩენცო მონტელა ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელია, რომელიც რომას ისტორიული ფორმაციის წევრი გახლდათ. კარიერის განმავლობაში მას ემპოლის, ჯენოას, სამპდორიასა და ფულემის შემადგენლობაში უთამაშია, კარიერის უდიდესი ნაწილი კი იტალიის დედაქალაქში გაატარა და 100-ზე მეტი გოლის გატანა მოახერხა. თანაც ეს მაშინ, როცა მისი კონკურენტი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური ფორვარდი, გაბრიელ ბატისტუტა გახლდათ.

კაცი, რომელსაც თურქულ გადახვევამდე თითქმის მთელი კარიერა სამშობლოში, სერია A-ში, კონკრეტულად კი ისეთ დიდ გუნდებში აქვს გატარებული, როგორიც რომა, მილანი, ფიორენტინა და სამპდორია გახლავთ. რაც შეეხება ქვეყნის ფარგლებს მიღმა მუშაობას, 51 წლის სპეციალისტმა ძალები სევილიაში მოსინჯა, მაგრამ ესპანურ ფეხბურთში მისი რამდენიმეთვიანი მუშაობა 2017/18 წლების სეზონში არც ისე წარმატებული გამოდგა.

კარიერის განმავლობაში ვინჩენცო მონტელას ერთადერთი ტიტული აქვს მოგებული და ეს „მილანთან“ ერთად მოახერხა. 2017 წელს მან იტალიის სუპერ თასის მოგება შეძლო.

ევროპის ტოპ ჩემპიონატებში მუშაობის შემდეგ, მონტელამ კარიერა თურქეთს დაუკავშირა და იქ ადანა დემირსპორის ჩაბარება გადაწყვიტა.

2021 წელს, ვინჩენცო მონტელამ მოკრძალებული თურქული გუნდი, ადანა დემირსპორი ჩაიბარა და მათ ისტორიაში პირველად, ევროპის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური, გრანდებთან ბრძოლის შედეგად მოაპოვებინა.

ამ წარმატებას, თურქული ფეხბურთის მმართველთაგან სანაკრებო ნდობა მოჰყვა და 2023 წლის 21 სექტემბერს მას ნაკრების საჭე ანდეს. ჩატარებული 23 მატჩიდან 7 წაგებული აქვს, 12 მოგებული და 4 ფრე.

თურქეთის ნაკრებში მუშაობის დაწყების შემდეგ, ვინჩენცო მონტელა უპირატესობას ძირითადად, 4-2-3-1 სათამაშო ფორმაციას ანიჭებს. მან გუნდი ჯერ ევროპის ჩემპიონატზე, შემდეგ კი ტურნირის მეოთხედფინალში გაიყვანა.

Roma legend Vincenzo Montella unveiled as new Turkey manager

სხვა სტატიები