12-14 დეკემბერს, ჩინეთის ქალაქი ცინდაო მასტერსის ტურნირს უმასპინძლებს. ცინდაოს მასტერსზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 11 სპორტსმენით წარსდგება.
ცინდაოს მასტერსზე პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების სახელით მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი - ლუხუმ ჩხვიმიანი იასპარეზებს, ასევე იასპარეზებენ ბაგრატ ნინიაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი.
-60 კგ
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხვალ, -60 კგ წონით კატეგორიაში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი - ლუხუმ ჩხვიმიანი იასაპრეზებს. ქართველი ფალავანი საქმეში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე უზბეკი - დიორბეკ უროზბოევი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში ლუხუმი ჩეხ - დეივიდ პულკრაბეკსა და ბრიტანელ - ეშლი მაგკენზის შორის გამარჯვებულს დაეჭიდება. ქართველ ფალავანს ბადეში ჰყავს ესპანელი - ფრანცისკო გარიგოსიც, რომელიც ამ ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფინალამდე ერთმანეთს არ გადაეკვეთებიან ლუხუმ ჩხვიმიანი და იაპონელი - რიუჯუ ნაგაიამა.
-66 კგ
2 ჩვენებური იბრძოლებს ჩინეთში ოქროს მოსაპოვებლად -66 კგ წონით კატეგორიაში. ბაგრატ ნინიაშვილი განთესილია და იგი საქმეში მეორე ეტაპიდან ერთვება, სადაც მისი მეტოქე სლოვენილი - ადრიან გომბოცი არის. გამარჯვების შემთხვევაში კი ბაგრატის მეტოქე მოლდოველ - დენის ვიერუსა და ისრაელის წარმომადგენელ - ტალ ფლიკერს შორის გამარჯვებული იქნება. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ბაგრატ ნინიაშვილს ბადეში არ გაუმართლა, მის ბადეში არიან ისეთი ძლიერი ძიუდოისტები როგორებიც არიან: გიორგი ზანთარაია (უკრაინა); მიხაილ პულიაევი (რუსეთი); ტალ ფლიკერი (ისრაელი).
რაც შეეხება ვაჟა მარგველაშვილს, ვაჟაც ბაგრატის მსგავსად განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ერთვება. მეორე ეტაპზე მისი მეტოქე კანადელი - იაკობ ვალოისი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში კი ვაჟა რუს - იაკუბ შამილოვსა და კუბელ - ოსნიელ სოლისს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
Live.ge ქართველ ძიუდოისტებს ჩინეთის მასტერსზე წარმატებას უსურვებს.