Belive

ლუკა ხორბალაძე: "ჩემთვის დაუჯერებელი იყო, რომ ოდესმე ლიონის რიგებში ვითამაშებდი"

9 თვის წინ ქართული სპორტი
3 წთ

ლუკა ხორბალაძე - ახალგაზრდა ქართველი მორაგბე, რომელმაც U20 რაგბის მსოფლიო თასზე იასპარეზა. სწორედ იმ მსოფლიო თასზე, სადაც უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირეს.

ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი გმირი, სწორედ ჩვენი რესპონდენტია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ლევან მაისაშვილმა ის, ორ თანაგუნდელთან (ირაკლი აფციაური, თორნიკე კახოიძე) ერთად, მსოფლიოსთვის მოსამზადებელ გაფართოებულ შემადგენლობაში გამოიძახა.

ლუკა ხორბალაძე საკლუბო კარიერას საფრანგეთის Top 14-ის ერთ-ერთ გამორჩეულ რაგბის კლუბ „ლიონში“ გააგრძელებს, სადაც ორი ქართველი მორაგბე: დავით ნინიაშვილი და ბექა საღინაძე დახვდებიან.

2009 წელს,  ჩემი ძმა, ზურა ხორბალაძე ლელოში“ თამაშობდა. მოთამაშე-მწვრთნელი გახდა და ერთ-ერთ ვარჯიშზე წამიყვანა საყურებლად. მაგ დღეს მოვიწამლე რაგბით და მას მერე რაგბს ვთამაშობ. ჩემი ინსპირაციის წყარო იყო ჩემი ძმა, რომელსაც ვარჯიშებზე და თამაშებზე სულ დავყვებოდი.

შარშან, 18-წლამდე ნაკრები ევროპის მოსამზადებელზე პარიზში წავედით და რამდენიმე თამაში ჩავატარეთ. ,,სტად ფრანსესთან“ თამაშის შემდეგ, რამდენიმე კლუბი დაინტერესდა ჩემით, რის შემდეგაც, ლევან ღვაბერიძის დახმარებით აღმოვჩნდი ლიონში.

რამდენიმე წლის წინ, ჩემთვის დაუჯერებელი იყო, რომ ოდესმე ლიონის რიგებში ვითამაშებდი. როგორც მოგეხსენებათ, სანამ ნინიაშვილი თავს ასე კარგად არ წარმოაჩენდა, ფრანგები, ქართველი უკანახაზელებით არ ინტერესდებოდნენ. ყველაფერს ვიზამ, რომ როგორც ქართველ, ისე ფრანგ მაყურებლებს იმედები არ გავუცრუო და მაქსიმალურად კარგად წარმოვაჩინო თავი.

გუნდში ორი ქართველი მორაგბის - დავით ნინიაშვილისა და ბექა საღინაძის დახვედრა, რა თქმა უნდა, გამიმარტივებს გზას. ჩემთვის დავითი და ბექა მოტივაცია იქნებიან და ვეცდები, რომ რაც შეიძლება მალე მათ გვერდით ტოპ 14-ში ვითამაშო. დავით ნინიაშვილი ჩემთვის ცოცხალი მაგალითია, იმისა, თუ როგორ უნდა გამოიყენო შანსი. ჩემს შანსს დაველოდები მეც და ვეცდები რომ 100%-ით წარმოვაჩინო საკუთარი შესაძლებლობები.

წელს, U20 მსოფლიო თასზე პირველად მომეცა საშუალება Tier 1-ის გუნდებთან თამაშის, რაც ძალიან დიდი გამოცდილება იყო. ამ თამაშებით, დიდი თავდაჯერება მოგვეცა მეც და ბიჭებსაც. გამოჩნდა, რომ არავიზე ნაკლები არ ვართ. ამ ჩემპიონატმა და მოსამზადებელმა პერიოდმა, ეროვნულ ნაკრებთან ადაპტაციაში დიდი როლი ითამაშა.

განვლილი ტესტ მატჩებიდან კარგად გამოჩნდა, რომ ნებისმიერ გუნდთან გვაქვს შანსი. ჩვენი ჯგუფი კი, არა მხოლოდ ჩემი, არამედ რაგბის ანალიტიკოსების აზრითაც ყველაზე თანაბარია. ფავორიტის დასახელება ახლა ძალიან რთულია,  ტურნირი გამოავლენს უძლიერესს. რაც შეეხება კუმირებს: ამ ეტაპზე, კუმირი არ მყავს, მაგრამ 5-6 წლის ასაკში, ძალიან ვიყავი მოხიბლული ქუად კუპერის მოძრაობებით.

შეკითხვაზე საკლუბო დონეზე, თუ რომელი უფრო საინტერესო და დიდი გამოწვევაა - ტოპ 14 თუ სუპერ რაგბი, ლუკამ დანამდვილებით გვიპასუხა, რომ საკლუბო დონეზე ახლა მხოლოდ ლიონი და ტოპ 14 აინტერესებს.

 

სხვა სტატიები