Belive

"ჩემი ოცნებაა, რომ ერთ დღეს TOP 5 ლიგაში ვითამაშო" - გიორგი გულიაშვილი

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ბოსნიურმა სპორტულმა გამოცემა Sport Sport-მა ქართველ ფეხბურთელთან, გიორგი გულიაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც თავის ახლანდელ გუნდ "სარაევოზე" და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაზე ისაუბრა.

გიორგი გულიაშვილი დღეს ბოსნიური ფეხბურთის საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც ელიტურ დონეზე თამაშობს - წერია გამოცემაში

ქართველი ფენომენალურ ფორმაშია, აქამდე გამართულ 10 თამაშში 9 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა. მისი კარგი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს, მის სახელს კი სულ უფრო ხშირად უკავშირებენ ევროპის უძლიერესი ლიგების კლუბებს.

ბავშვობაზე და კარიერის დასაწყისზე:

მახსოვს, რომ მთელი ბავშვობა ბურთთან და ფეხბურთთან ერთად გავატარე, ეს ჩემი პირველი მოგონებებია. ვცდილობდი, რომ რაც შეიძლება მალე დამესრულებინა სკოლაში საშინაო დავალებები, რომ სტადიონზე წავსულიყავი. სწორედ იქ ვატარებდი დროის უდიდეს ნაწილს. 13 წლამდე ჩემს მშობლიურ სოფელში გავიზარდე, შემდეგ კი თბილისში გადავედი, რადგან ეს იყო ჩემი განვითარების შემდეგი ნაბიჯი. - გიორგი გულიაშვილი - საქართველოს ეროვნული ნაკრების და "სარაევოს" ფეხბურთელი

მამის როლი, ფეხბურთის სიყვარულში:

ჩემი ფეხბურთისადმი სიყვარული რაც თავი მახსოვს სულ არსებობდა. მამაჩემი ყოფილი ფეხბურთელი (მეკარე) იყო. უამრავ თამაშს ვუყურებდით ხოლმე ერთად და ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან სასიამოვნო პერიოდი იყო. -

"იბერია 1999"-ზე, თავის პირველ კლუბზე:

"იბერია 1999"-ში იყო ჩემი პროფესიონალური კარიერის დასაწყისი. ყოველთვის სიამოვნებით ვიხსენებ იქ გატარებულ დროს. ყველაფრისთვის მადლობელი ვარ. -

ყველა ასაკობრივი ნაკრების გავლის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაზე, გიორგი გულიაშვილი თავის ოცნებაზე:

მე მქონდა შესაძლებლობა და პატივი ვყოფილიყავი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი. რამდენჯერმე აღვნიშნე, ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურის ტარება. ძალიან გამიხარდა, როდესაც გამომიძახეს და ამავდროულად მომავალში დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს ხალხს მეტი ბედნიერება მოვუტანო. -
რუმინეთი VS საქართველო | გიორგი გულიაშვილი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში

"სარაევოში" გადასვლაზე:

როდესაც გავიგე "სარაევოს" ინტერესის შესახებ, მინდოდა ჩამოსვლა. მქონდა ინფორმაცია, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო და წამყვანი კლუბი ბოსნია და ჰერცოგოვინაში. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ასეთი კლუბი იყო დაინტერესებული ჩემით, ეს ძალიან კარგი გამოცდილებაა, როდესაც ჩემი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვთამაშობ. -

უცნობ ქვეყანაში და გუნდში გადასვლის საშიშროებაზე:

რა თქმა უნდა, ყველას უჭირს სხვა ქვეყანაში გადასვლა და მარტო ცხოვრება. აქ სხვა კულტურაა, თან არავის ვიცნობდი. დრო დამჭირდა ადაპტაციისთვის. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ აქ გატარებული ყოველი წამი ძალიან მსიამოვნებს და მე ძალიან მომწონს ამ ლამაზ ქვეყანაში დროის გატარება. -

იჯარით, "ველეჟ მოსტარში" ასპარეზობაზე და იმ გამოცდილებაზე რაც იქ თამაშის პერიოდში მიიღო:

ველეჟში გატარებული პერიოდი კარგად მახსოვს. დიდი გამოცდილება მივიღე და ძალიან კარგი სეზონი ჩავატარე. ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი საკმაოდ წარმატებული გამოდგა ჩემი კარიერისთვის. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, მადლობა გადავუხადო ყველას, თავად "ველეჟ მოსტარსა" და ქალაქს. იქ კარგი სეზონი მქონდა და ჩემი ახალი სეზონის წარმატებული დასაწყისის პირველი ნაბიჯები იყო. -
გიორგი გულიაშვილი "ველეჟ მოსტარში"

ბოსნიურ დერბიზე, რომელიც "სარაევოსა" და "ჟელეზნიკარს" შორის გაიმართა:

მე მქონდა შესაძლებლობა, რომ იქ მეთამაშა და ეს მართლაც წარმოუდგენელი გრძნობაა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ აქ ყველას უყვარს ფეხბურთი. მე ვიცი, რას ნიშნავს ყველა გულშემატკივრისთვის თავისი გუნდის გულშემატკივრობა და მათთან ერთად ყოფნა. ისინი ამას თავის გუნდს ყველგან აგრძნობინებენ. დერბიზე ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფეროა და გაქვს დამატებით მოტივაცია, რომ მაქსიმუმზე მეტი გასცე. -

ტრიბუნებზე საქართველოს დროშის გამოჩენაზე, ემოციურობის თვალსაზრისით:

ყოველთვის ვგრძნობ ჩემი და მთელი გუნდის მხარდაჭერას. ძალიან სასიამოვნოა, განსაკუთრებული გრძნობაა ჩემი ქვეყნის დროშის დანახვა ტრიბუნაზე. ძალიან მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს გულშემატკივარს დიდი მხარდაჭერისთვის და ყველაფრისთვის, რაც მათ მოგვცეს. -

"ბოლონიას" ინტერესზე:

ახლა მხოლოდ "სარაევოზე" ვარ ორიენტირებული, არ ვფიქრობ იმაზე, თუ რა მოხდება მომავალში. რა თქმა უნდა, მსურს ერთ დღეს TOP 5 ლიგაში ვითამაშო და მჯერა, რომ მსოფლიოში ფეხბურთელების უმეტესობა, სწორედ ამაზე ოცნებობს. -

ბოსნიაში ყველაზე რთულ, გასვლით მატჩზე:

ამ ჩემპიონატში იოლი თამაშები არ არსებობს, ყველა თამაში რთულია, განსაკუთრებით გასვლითი. -

ბოსნიის ჩემპიონატში ყველაზე ძლიერ მეტოქეზე:

მე არ გამოვყოფდი ერთ მეტოქეს, რადგან თამაშის დროს უფრო მეტად ჩემს თამაშზე ვარ კონცენტრირებული. მინდა აღვნიშნო, რომ ბოსნიის ჩემპიონატში დაცვას ძალიან მაღალ დონეზე თამაშობენ. -
გიორგი გულიაშვილი "სარაევოში"

სხვა სტატიები