Belive

ბაქოს გრანდ სლემი: დღე II - ტატამზე 4 ქართველს ვიხილავთ

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

22 სექტემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ძიუდოს ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა შეჯიბრმა - ბაქოს გრანდ სლემმა აიღო სტარტი. 

I საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრებმა, კერძოდ კი ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. იგი ფინალში უძლიერეს კოსოვოელთან და მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან - ნორა გიაკოვასთან დამარცხდა. 

II საშეჯიბრო დღეს კი საქართველოს ნაკრების დროშის ქვეშ 4 სპორტსმენი იასპარეზებს.

73 კგ

73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ტერაშვილი იასპარეზებენ. 

გიორგი ტერაშვილი B ბადეში განუთესავი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში პირველი ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე, თურქი - ბაირამ კანდემირი ეყოლება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი მეორე ეტაპზე, ახალგაზრდა ქართველი, ლატვიელ - აბულფაზ ნასიროვს დაუპირისპირდება. 

რაც შეეხება ლაშა შავდათუაშვილს, ლეგენდარული ქართველი ფალავანი C ბადეში განთესილი იქნება და ასპარეზობას 1/8-ფინალიდან დაიწყებს. შავდათუაშვილის მეტოქე, ტაჯიკ - მაჰამადშარიფ ნაჯმუდინოვსა და ყაზახ - ჟანსაი სმაგულოვს შორის გამარჯვებული იქნება. 

ლაშას საკმაოდ კარგი ბადე აქვს იმისათვის, რომ მინიმუმ 1/2-ფინალში გავიდეს. 

81 კგ

81 კგ წონით კატეგორიაში 2 წარმომადგენელი გვეყოლება - ზაურ დვალაშვილი და დიმიტრი გოჩილაიძე

ზაურ დვალაშვილი B ბადეში განუთესავია და ასაპრეზობას პირველივე ეტაპიდან იწყებს, სადაც წარმოშობით რუსს - ტიმურ არბუზოვს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში კი შემდეგ ეტაპზე, დვალაშვილის მეტოქე , წარმოშობით ქართველი, თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედატ ალბაირაქი (ვანო რევაზიშვილი) იქნება. 

რაც შეეხება დიმიტრი გოჩილაიძეს, გოჩილაიძე D ბადეში განთესილი იქნება, ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს და ჩეხ - ადამ კოპეჩკს შეხვდება. მისი დამარცხების შემთხვევაში კი, გოჩილაიძეს მეტოქე, იაპონელი - კენია კოჰარა იქნება. 

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 9:30, ფინალური ბლოკი კი 16:00 საათზე აიღებს სტარტს.

 

 

 

 

სხვა სტატიები