Belive

ბაქოს გრანდ სლემი 2025 | ქართველი ფალავნების მეტოქეები და საშეჯიბრო ბადეები ცნობილია

1 კვირის წინ ქართული სპორტი
4 წთ

14-16 თებერვალს, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს, ბაქოს გრანდ სლემს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები 8 სპორტსმენით წარდგება.

სულ ახლახანს კი ბაქოს გრანდ სლემის წილისყრა გაიმართა, სადაც ქართველი ძიუდოისტების საშეჯიბრო ბადები და სავარაუდო მეტოქეები გახდა ცნობილი.

66 კგ

66 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს დროშის ქვეშ - ლაშა ნადირაძე იჭიდავებს.

25 წლის ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობას A ბადიდან იწყებს, სადაც მისი მეტოქე, ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე - რუფატ ალესკეროვი იქნება. მისი დამარცხების შემთხვევაში კი ნადირაძე, იტალიელ - ჯიუზეპე დე ტულიოსა და აზერბაიჯანელ - რაშად იელკიევს შორის გამარჯვებულზე გადის.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ A ბადის პირველ ნომრად იაპონელი - ტაკეოში ტაკეოკაა განთესილი, რომელიც მსოფლიოს მე-7 ნომერია და ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება, რადგან 2024 წლის ბოლო შეჯიბრზე, ტოკიოს გრანდ სლემის მოგება შეძლო.

73 კგ

73 კგ წონით კატეგორიაში ორი წარმომადგენელი გვეყოლება - გიორგი ჩიხელიძე და ბაგრატ ნინიაშვილი.

გიორგი ჩიხელიძე A ბადეშია განუთესავი, იგი ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან დაიწყებს, სადაც ტაჯიკ - მუჰიდინ ასადულოევს დაუპირისპირდება. ტაჯიკური ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, 24 წლის ქართველი, ნეიტრალური დროშის ქვეშ მყოფ სპორტსმენსა და უნგრელ ძიუდოისტს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

რაც შეეხება ბაგრატ ნინიაშვილს - იგი C ბადეში განუთესავია და ასპარეზობას ბრაზილიელ - ვინისიუს არდინასთან დაპირისპირებით იწყებს, ბრაზილიელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში კი, მისი მეტოქე, აზერბაიჯანელი - რაშიდ მამმადალიევი იქნება.

81 კგ

81 კგ წონით კატეგორიაში, 24 წლის ირაკლი ბეროშვილი მიიღებს მონაწილეობას.

ბეროშვილი B ბადეშია და ასპარეზობას ბაჰრეინელ მეტოქესთან - ასკერბი გერბეკოვთან იწყებს. ბაჰრეინელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში კი, მისი მეტოქე, უნგრელ - ატილა უნგვარსა და ავსტრიის სახელით მოასპარეზე - მაგამედ ბორჩაშვილს შორის გამარჯვებული იქნება.

90 კგ

90 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს დროშის ქვეშ - სოსო ებილაშვილი იასპარეზებს.

სოსო ებილაშვილი ურთულეს ბადეშია მოხვედრილი. იგი ასპარეზობას A ბადეში იწყებს, სადაც მოლდოველ - მიჰაილ ლატისევს დაუპირისპირდება. მოლდოველის დამარცხების შემთხვევაში კი ნიდერლანდელ-სერბულ დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნება მისი მეტოქე.

სოსო ებილაშვილს ბადეში ჰყავს უძლიერესი იაპონელი - სანშირო მურაო.

+100 კგ

მძიმე წონაში ერთადერთი წარმომადგენელი - საბა ინანეიშვილი გვეყოლება.

საბა C ბადეში მიიღებს მონაწილეობას, სადაც პირველივე ეტაპზე უზბეკ - ბაჰრომ რაჯაბოვს შეხვდება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი 1/4-ფინალში უშანგი კოკაურს დაუპირისპირდება.

57 კგ

57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანს ვიხილავთ.

ეთერი A ბადეშია განთესილი, ასპარეზობას კი პირდაპირ 1/4-ფინალიდან დაიწყებს. ეთერი, ბრაზილიელ - ბიანკა რეისსა და იაპონელ - აიამი ტაკანოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

+78 კგ

მძიმე წონაში სოფიო სომხიშვილი გვეყოლება.

სოფიო C ბადეში იბრძოლებს, სადაც პირველივე ეტაპზე, ავსტრიელი - მარია ჰოელვარტი იქნება მისი მეტოქე. გამარჯვების შემთხვევაში კი, სომხიშვილი, ნიდერლანდელ - მარიტ კამპს შეხვდება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები