Belive

ავსტრიელი ექსპერტი: "კიტეიშვილი გადამწყვეტ მომენტში პასუხისმგებლობას იღებს"

7 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს, ოთარ კიტეიშვილს, გრაცის "შტურმის" შემადგენლობაში კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი აქვს და დიდი შანსია, ზედიზედ მეორედ ავსტრიის ჩემპიონი და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. ამ თემას ავსტრიულ მედიაში აქტიურად განიხილავენ. პოპულარული მედია საშუალება Sky Sport-ის ექსპერტი, მარკ იანკო ჩემპიონატის ორ გამორჩეულ ფეხბურთელს ერთმანეთს ადარებს, ამ შემთხვევაში საუბარი "ზალცბურგის" ისრაელელ ტალანტ ოსკარ გლუხსა და გრაცელთა ათიანზეა.

"ოსკარ გლუხი უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელია და ალბათ უფრო ნიჭიერიც, მაგრამ მოდით იმის მიხედვით შევაფასოთ, თუ რა გააკეთეს მათ კონკრეტულ მონაკვეთებში. ამ მომენტში მე მაინც ოთარ კიტეიშვილზე მინდა ვისაუბრო, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღო და თავისი გუნდი გამარჯვებამდე მიიყვანა. ისინი განსხვავების შემქმნელი ფეხბურთელები არიან და ორივე შესანიშნავი ფეხბურთელია", - ამბობს მარკ იანკო.

ოთარ კიტეიშვილის კარიერაში გამორჩეული წლებია: ზედიზედ ორჯერ მოგებული ავსტრიის თასი, "რედ ბულ ზალცბურგის" 10-წლიან დომინირებაში ჩარევა და ავსტრიის ჩემპიონატის ოქროს მედლების დაუფლება, გრაცის "შტურმის" წინა სეზონის ბომბარდირობა და ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელება. სეზონის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ოთარ კიტეიშვილმა და მისმა გუნდმა "რედ ბულის" გუნდთან 13 აპრილს სტუმრად, ზალცბურგში გამართეს, სადაც საწყისი ტაიმი წააგეს, მეორე ნახევარში კი გუნდის ქართველმა ლიდერმა ჯერ 11-მეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა, შემდეგ კი ზუსტ პენალტს საჯარიმოს გარედან ულამაზესი გასროლა დაამატა და უპრინციპულეს მატჩში გრაცელებს 3 ქულა მოუტანა.

ამ მომენტისთვის, "შტურმი" ჩემპიონატში 30 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე მყოფ ვენის "რაპიდს" 3 ქულით უსწრებს და კიდევ 7 ტურში საკუთარ თავზეა დამოკიდებული.

ოთარ კიტეიშვილს ამ სეზონში, "შტურმის" შემადგენლობაში ავსტრიის ჩემპიონატის, თასის და ჩემპიონთა ლიგის ეგიდით 35 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები