ალექსანდრე იაშვილი: "ანტალ იაკობიშვილის საქართველოს ნაკრებში მოწვევას დიდი ხანია ვცდილობთ"
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელმა, ალექსანდრე იაშვილმა უეფას ერთა ლიგის, 2024/25 წლების სეზონის დაწყების წინ ისაუბრა.
"ჩვენი მიზანია, რომ ყველა ფეხბურთელი, რომელიც წარმოშობით ქართველია, საქართველოს ნაკრებში მოხვდეს. შესაბამისად, ანტალ იაკობიშვილის საქართველოს ნაკრებში მოწვევას დიდი ხანია ვცდილობთ, მათ შორის პლეი-ოფის მატჩების დროსაც ამის გაკეთება გვსურდა. მას მთავარი მწვრთნელიც ესაუბრა, რამდენიმე დღის წინაც გვქონდა კონტაქტი, მაგრამ მან უნგრეთის ნაკრებში თამაში აირჩია. ნაკრებში თამაში ფეხბურთელს თავად უნდა სურდეს, ანტალ იაკობიშვილმა კი ეს გადაწყვეტილება არ მიიღო.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ჩვენი მისამართით ინტერესი და პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მეტად გაზრდილია. ჩვენი მიზანი იქნება, რომ სტაბილურად გამოსვლა გავაგრძელოთ და დავამტკიცოთ, რომ ასეთ დონეზე წარმატებულად თამაში რეგულარულად შეგვიძლია. ამიტომ, საშინაო კედლებში, ჩეხეთთან საწყისი მატჩი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება", - ამბობს ალექსანდრე იაშვილი.
საქართველოს ნაკრები სექტემბრის თვეში ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს ჩვენი გუნდი ჩეხეთს შინ, მიხეილ მესხის სტადიონზე შეხვდება, 10 რიცხვში კი ალბანეთთან სტუმრად ითამაშებს.