3 ქართველი პსჟ-ში | ბექაური, გრიგალაშვილი და შავდათუაშვილი ტედი რინერთან
ქართული ძიუდოს ვარსკვლავები: ლაშა ბექაური, ტატო გრიგალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი, ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ"-ს ღირსებას დაიცავენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ძიუდოისტებმა ჩვენთან საუბრისას დაგვიდასტურეს.
როგორც ცნობილი ხდება, ქართველმა ძიუდოისტებმა პარიზულ გრანდთან 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.
ქართველი ფალავნების დებიუტი პარიზულ კლუბში 9 დეკემბერს, საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე შედგება, რომელსაც სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი უმასპინძლებს.
"პსჟ"-ს ძიუდოს კლუბი 2017 წელს დაარსდა და მას შემდგომ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრზე, ძიუდოს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს.
ასევე შეგახსენებთ, რომ ქართველი ფალავნების "პსჟ"-ში გადასვლა მხოლოდ და მხოლოდ უდიდესი წარმატებაა და ეს ყველაფერი მათ ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობისგან ხელს არ შეუშლის. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, როგორც ფეხბურთელებს აქვს კლუბსა და ეროვნულ ნაკრებში თამაშის უფლება, სწორედ ასეთი წესი მოქმედებს ძიუდოშიც, ასე რომ ქართველი ფალავნები მხოლოდ და მხოლოდ პარიზულ კლუბში ივარჯიშებენ და საკლუბო შეჯიბრებზე მიიღებენ მონაწილეობას.
ლაშა ბექაურმა belive-სთან "პსჟ"-ში გადასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა.
"ჩემთვის ამ კლუბში გადმოსვლა დიდი პატივია, ამისათვის კი ერთი მიზეზიც საკმარისია, რომ ტედი რინერია ჩვენი გუნდელი. მასთან მუშაობით, ვარჯიშითა და ხშირი კომუნიკაციით კიდევ უფრო ბევრ რამეს ვისწავლი და განვვითარდები.
კონტრაქტი ამ ეტაპისთვის მხოლოდ ერთწლიანია, ახლა ნაკრებთან ერთად იაპონიაში ვარ და ვემზადებით ტოკიოს გრანდ სლემისთვის, შემდეგ კი პარიზში დავბრუნდები და კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგისთვის მოვემზადებით, რომელსაც ბელგრადი მასპინძლობს..." - ლაშა ბექაური
შეგახსენებთ, რომ ქართული ძიუდოს ისტორიაში, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური და ლაშა შავდათუაშვილი პირველი ქართველი ფალავნები არიან, რომლებიც ასეთ დიდ კლუბში იასპარეზებენ.
ასევე შეგახსენებთ იმ ფაქტს, რომ 2022 წლის საკლუბო ჩემპიონთა ლიგას გორმა უმასპინძლა, სადაც გამარჯვებული "მებრძოლი" გახდა, რომლის წევრიც სწორედ ლაშა ბექაური იყო.