იაპონური მედიის ინფორმაციით, ქართველი სპორტსმენი, ზვიად გოგოჭური, ტოკიოს პარალიმპიური თამაშებიდან მოკვეთეს.
რიოს პარალიმპიური თამაშების ოქროსმედალოსანი ძიუდოისტი იაპონიის დედაქალაქიდან მას შემდეგ დაითხოვეს, რაც ის კვირის დასაწყისში, სასტუმროში დაცვის თანამშრომელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
90 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ოქროს მომგებ ძიუდოისტს, რომელიც იაპონიის პოლიციამ 16 აგვისტოს დააკავა, აკრედიტაცია ჩამოერთვა.
34 წლის სპორტსმენს ტოკიოში 100 კგ წონითი კატეგორიის შეჯიბრში უნდა მიეღო მონაწილეობა. როგორც იაპონური მედია იუწყება, ზვიად გოგოჭურმა დაცვის სამსახურის თანამშრომელს, რომელიც 60 წლის ასაკში იმყოფება, მძიმე დაზიანება მიაყენა და ნეკნი მოტეხა.
იაპონიის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზვიად გოგოჭური და რამდენიმე ქართველი სპორტსმენი სასტუმროს მეექვსე სართულის დერეფანში ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევდნენ და ხმაურს იწვევდნენ, რაზეც დაცვის თანამშრომლებისგან რამდენჯერმე გაფრთხილება მიიღეს, ინციდენტი სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა.
ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ზვიად გოგოჭური კარანტინში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთ წარმომადგენელს COVID19-ის ტესტზე დადებითი პასუხი მიუვიდა.
ტოკიოს ოლიმპიადის და პარალიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის განაცხადებით, მათ საქართველოს 15-კაციან დელეგაციას სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს.
იაპონიის დედაქალაქში პარალიმპიური თამაშები 24 აგვისტოს დაიწყება და 5 სექტემბერს დასრულდება. საქართველოს დელეგაციას ექვს სხვადასხვა სახეობაში 14 სპორტსმენი წარმოადგენს.