Belive

ზუკა რურუა: "3 ფაქტორი, რომლის დახმარებითაც, იადრანთან გამარჯვება შესაძლებელია"

2 წლის წინ სხვა
5 წთ
დღეს, 9 ნოემბერს, წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტური გაიმართება. „დინამო თბილისი“ ე.წ. „სიკვდილის ჯგუფშია“ წარმოდგენილი და უძლიერეს „ოლიმპიაკოსთან“ მარცხის (20:9) შემდეგ, ამჯერად ხორვატულ „იადრანს“ დაუპირისპირდება. „ოლიმპიაკოსთან“ შედარებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „იადრანი“ შედარებით უფრო სასურველი მეტოქეა: "დინამო თბილისს" ხორვატულ გუნდთან, სენსაციის მოხდენის მეტი შანსი აქვს. რაც მთავარია, წყალბურთელებს გამარჯვების წყურვილი და დიდი მოტივაცია აქვთ, რომელსაც ფიზიკური მზაობა და კარგ ფორმაში ყოფნა ემატება - შეხვედრის გამართვამდე, სწორედ ამ თემებზე, Live.ge-ის, „დინამო თბილისის“ ყოფილი კაპიტანი და ამჟამად მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ზუკა რურუა ესაუბრა. „იადრანთან“ შეხვედრამდე, ვისაუბროთ გუნდის მზაობაზე: რა მდგომარეობაა გუნდში? და ასევე, ახალწვეულების საკითხსაც შევეხოთ. დიახ, გუნდში არის ცვლილებები. "ოლიმპიაკოსთან" თამაშის შემდეგ, 2 კაცი შეიცვალა. მეკარის პოზიციაზე, ნიკოლოზ შუბლაძის მაგივრად, გიორგი გვეტაძე ითამაშებს და გიორგი მესხს ლუკა გიორგაძე ჩაანაცვლებს. ჩვენი ძირითადი მიმართულება არის ის, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შესაძლებლობა მივცეთ - მათი უნდა ნახონ, თუ რა არის ტოპ წყალბურთი. რაც შეეხება "იადრანთან" მატჩს: ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რომ ფიზიკური მონაცემების მიხედვით, "ოლიმპიაკოსს" არ ჩამოვუვარდებოდით და ვფიქრობ, რომ მთავარი კოზირი სწორედ ჩვენს გამძლეობა და სისწრაფეა. "იადრან სპლიტის" მოთამაშეები ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან, თუმცა კონტრშეტევებისა და ტემპის მხრივ, იმავეს ვერ ვიტყოდი. გუნდში არიან უფრო გამოცდილი მოთამაშეები და მათი სურვილია, რომ ტაქტიკური თამაშით და წყნარი, მათ მიერ ნახარნახები ტემპით დაგვამარცხონ. სწორედ ეს უნდა გამოვიყენოთ მათ წინააღმდეგ: ისინი ჩვენს ტემპზე უნდა გადმოიყვანოთ. როგორ შეაფასებთ ოლიმპიაკოსთან მარცხს? რა გახდა მარცხის მთავარი მიზეზი? პირველ თამაშში გამოჩნდა ინდივიდუალური და ხარისხობრივი სხვაობა. "ოლიმპიაკოსის" ტოპ კლასის მოთამაშეებმა ჩვენი წყალბურთელები ხარისხისა და კლასის ხარჯზე დაამარცხეს, რეალიზება ჰქონდათ ძალიან მაღალი. გარდამტეხ მომენტებში დაგვჯაბნეს, თუმცა თამაშიდან და ჩვენი მონდომებიდან გამომდინარე, ასეთი სხვაობა არ უნდა ყოფილიყო. ვისაუბროთ "იადრანის" მოთამაშეებზეც: ვის გამოარჩევთ ხორვატული გუნდის შემადგენლობაში?  სამ მოთამაშეს გამოვარჩევ, პირველია რუსეთის ნაკრების ლიდერი, ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი ხარკოვი: არის ცაცია, ძალიან კარგი დარტყმა აქვს, გოლების გატანის მხრივ, ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესოა. მეორეა ლუკა ბუკიჩი, რომელიც ხოვატიის ნაკრების ბომბარდირია. მესამე კი ნიშკა დობუდია - ძალიან გამოცდილი ცენტრფორვარდი, რომელიც 2012 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ამ სამ მოთამაშეზე არის აგებული "იადრანის" თამაში. გუნდი არ გამორჩევა განსაკუთრებული ტაქტიკით, თამაშობს სტანდარტულ, ძალისმიერ წყალბურთს. "იადრანი" არის გუნდი, რომელიც დგას ადგილზე და ელოდება თავის მომენტს. რაც ვნახე მათი თამაშები, უფრო მეტად მოთამაშეების ინდივიდუალურ ხარისხზე მეტყველებს. "იადრანმა" პირველი მატჩი "ბარსელონეტასთან" წააგო და დღევანდელ შეხვედრას განსაკუთრებით ელოდება. გვაქვს თუ არა იმისი პოტენციალი, რომ მეტოქეს სურპრიზი შევთავაზოთ? კი, ნამდვილად გვაქვს ამისი პოტენციალი, რომელიც რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, უნდა შევინარჩუნოთ ის ტემპი, რომელიც "ოლიმპიაკოსთან" თამაშის დროს გვქონდა. აუცილებელია, რომ თამაში სწორედ ამ ტემპში დავიწყოთ. მეორე ფაქტორია ის, რომ რიცხობრივი უპირატესობა გამოვიყენოთ, წარმატებისთვის მინიმუმ 50%-იანი შედეგი მაინც გვჭირდება. მესამე ფაქტორი კი მეკარის კარგი თამაშია: მას ძალიან დიდი ფუნქცია აქვს და მისი სეივები შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ამ სამი კომპონენტის გაერთიანებით, დარწმუნებული ვარ, რომ "იადრანს" რთული ამოცანა ექნება შესასრულებელი. რას იტყვით სიკვდილის ჯგუფზე? შემდეგი შეხვედრა, საშინაო არენაზე, "ბარსელონეტასთან" გვიწევს, ამის შემდეგ რა იქნება. როგორი მატჩი გველოდება? "ბარსელონეტასთან" და "ბრეშასთან", ხარისხობრივად, იგივე მატჩი გველოდება, რაც "ოლიმპიაკოსთან" იყო. "იადრანისგან" განსხვავებით, ესპანელებს სხვა სტილი აქვთ, უფრო სწრაფები არიან,  ძალიან კარგად შეთამაშებული გუნდია. "ბარსელონეტას" მოთამაშეები არიან ჭკვიანები, სულელურ შეცოდმებს არ უშვებენ, კონტრშეტევებზე არიან აგებულები და კარგად იმპროვიზირებენ. თანაც, მისი მოთამაშეები ესპანეთის ნაკრების ძირითადი ბირთვს წარმოადგენენ. ესპანეთის ნაკრები ბოლო წლების თითქმის ყველა დიდი ტურნირის ფინალისტია, "ბარსელონეტა" კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარიფინალში მუდმივად ასპარეზობს. საერთო ჯამში, იმისი თქმა მსურს, რომ ყველა მეტოქეს სხვადასხვა მომზადებით უნდა დახვდე. წინ ძალიან რთული მატჩები გველოდება, თუმცა ეს ყველაფერი, მოთამაშეების გამოცდილებაზე, მხოლოდ და მხოლოდ, დადებითად აისახება.
შეგახსენებთ, მატჩი თბილისის დროით 22:00-ზე დაიწყება, ტრანსლაციის ხილვა კი Live.ge-ის Facebook-გვერდსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით შეგეძლებათ.

სხვა სტატიები