ვასილი ლომანჩენკო საჩემპიონო ქამრისა და სოლიდური ჰონორარის ნაცვლად სამშობლოს დასაცავად იბრძვის!
უკრაინელმა ვასილი ლომანჩენკომ ავსტრალიელ ჯორჯ კამბოსოს ჯუნიორთან საჩემპიონო ქამრისათვის ბრძოლის ნაცვლად, ხელში იარაღის აღება და სამშობლოს დაცვა გადაწყვიტა. ლომანჩენკოს მსუბუქი წონითი კატეგორიის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვების ბრწყინვალე შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა მას უფრო მნიშვნელოვანი ბრძოლის გამართვა რუსეთის არმიის წინააღმდეგ უწევს. ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი სამშობლოში დარჩა და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძვის. ვასილი ლომანჩენკოს უკრაინის ხელისუფლებისგან ბრძოლისათვის მომზადების ნებართვა ჰქონდა, თუმცა მოკრივემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 5 ივნისს ჯორჯ კამბოსოს ჯუნიორთან გასამართი ბრძოლა, რომლის სასწორზეც საჩემპიონო ქამარი და სოლიდური ჰონორარი დევს არ შედგება. ვასილი ლომანჩენკოს მენეჯერი ეგის კლიმასი ავსტრალიელთა ბანაკს უკვე დაუკავშირდა და აცნობა, რომ უკრაინის ხელისუფლების მიერ მიცემული ნებართვის მიუხედავად, ლომანჩენკო სამშობლოს დატოვებას არ აპირებს - შესაბამისად ბრძოლა არ შედგება.
უკრაინელი მოკრივის გადაწყვეტილებას მისი ოპონენტი - კამბოსოს ჯუნიორი გამოეხმაურა. ავსტრალიელისათვის ლომანჩენკოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ აღმოჩნდა. კამბოსოსმა ლომანჩენკოს გამხნევებაც სცადა.@VasylLomachenko I respect your decision and I totally understand and I pray for you and your country 🙏🏻🇺🇦 please stay safe and once i wipe the floor with Devin, we will make this fight between two real champions. God bless — George "Ferocious" Kambosos Jr (@georgekambosos) March 21, 2022
"პატივს ვცემ შენს გადაწყვეტილებას და აბსოლუტურად მესმის შენი. შენთვის და შენი ქვეყნისათვის ვლოცულობ. გთხოვ თავს გაუფრთხილდი. როდესაც დევინთან დავასრულებ შემდეგ ნამდვილი ჩემპიონები შევხვდებით ერთმანეთს. ღმერთმა დაგლოცოს", - აღნიშნა კამბოსოსმა.