Belive

უსიკი სირცხვილს გადაურჩა - ან გადაარჩინეს

11 საათის წინ სხვა
2 წთ

ეგვიპტეში, ქალაქ გიზაში, პირამიდების ფონზე, საოცარი სანახაობა მოეწყო და ყველაფერს კრივის დაუმარცხებელი ლეგენდის, ოლეკსანდრ უსიკის ბრძოლა აგვირგვინებდა. უკრაინელის მეტოქე არა მოკრივე, არამედ კიკბოქსერი რიკო ვერჰოვენი იყო. ერთი შეხედვით, ეს საჩვენებელი და გარკვეულწილად სახალისო ბრძოლა უნდა ყოფილიყო, სადაც უსიკი მარტივად დაიცავდა WBC-ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს - ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა და უსიკმა გამარჯვება საეჭვო ვითარებაში მოიპოვა.

ვერჰოვენი, რომელიც მხოლოდ მეორე ბრძოლას ატარებდა პროფესიულ კრივში და პირველს 2014 წლის შემდეგ, რინგზე თავიდანვე უდიდესი სენსაციის მოსახდენად შევიდა. კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონმა, პირამიდების ჩრდილში, დაუმარცხებელი უსიკი ზეწოლის ქვეშ მოაქცია და ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ რაუნდები ულაპარაკოდ მიჰქონდა. მაგალითად, DAZN-ის კომენტატორმა აღნიშნა, რომ უსიკს, რომელიც ჩვეულად ვერ მოძრაობდა, 10 ჩატარებული რაუნდის შემდეგ 8 წაგებული ჰქონდა - ეს კატასტროფას ნიშნავდა.

ყველაფერი მეთერთმეტე რაუნდის ბოლო წამზე გადაწყდა. ამ რაუნდის მიწურულს, უსიკმა ვეროვენის დაუფარავი აგრესიის ისარგებლა და მეტოქე მარცხენა აპერქატზე გამოიჭირა. უძლიერესმა დარტყმამ ნიდერლანდელი რინგზე დასცა, თუმცა ის გონს მოეგო, წამოდგა და ბრძოლა გააგრძელა. კოორდინაციადარღვეულ კიკბოქსერს უსიკმა დარტყმები მიაყარა და აქ მოხდა ის, რაც პროფესიონალურ კრივში, ფავორიტის სასარგებლოდ ხშირად მომხდარა - მსაჯმა ბრძოლა გააჩერა და უსიკმა ტექნიკური ნოკაუტით მოიგო, არადა რაუნდის დასრულებამდე მხოლოდ 1 წამი რჩებოდა - რეალურად, მაშინ როცა მსაჯმა ბრძოლა გააჩერა გონგის ხმა უკვე გაჟღერებული იყო, ანუ ვერჰოვენმა გაუძლო. მსაჯის ეს გადაწყვეტილება რომ არა, ნიდერლანდელი 1 წუთს დაისვენებდა და ბრძოლა მე-12 რაუნდში გაგრძელდებოდა.